ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის დირექტორს, ბრიუს დანს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აზიის განვითარების ბანკი, სოციალური და გარემოს დაცვითი პოლიტიკის განახლების მიზნით, სწავლობს პროექტების გახორციელებაში მსოფლიოს 10 ქვეყნის პრაქტიკულ გამოცდილებას. ამ ქვეყნებს შორის არის საქართველოც, რომელსაც მასშტაბური და ნოვატორული პროექტების განხორციელების დიდი გამოცდილება დაუგროვდა და პროექტების განხორციელების პროცესში იყენებს აღნიშნული პოლიტიკის მაღალ სტანდარტს.
შეხვედრაზე ირაკლი ქარსელაძემ სტუმრებს გაუზიარა ჩვენს ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისას დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე გაკეთებული ის საინტერესო მიგნებები, რომელიც შეიძლება აზიის განვითარების ბანკმა გამოიყენოს სოციალური და გარემოს დაცვითი პოლიტიკის განახლების პროცესში.
ამასთან, გამოცდილების ანალიზმა შესაძლოა კიდევ უფრო მეტი პროექტის და უფრო მაღალი ტემპით განხორციელების საშუალება მისცეს პროექტების მონაწილეებს.
აზიის განვითარების ბანკისთვის არსებული გამოცდილების გაზიარების პროცესში აქტიურად არის ჩართულია სამინისტროს ყველა საქვეუწყებო ორგანიზაცია.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა მიმართულების (საგზაო, წყალმომარაგების, წყალარინების, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის, ურბანული განახლების) პროექტების განვითარების პროგრესიც.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. თავის მხრივ, ბრიუს დანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოსთან და კონკრეტულად, სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგებს.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მინისტრის აპარატის უფროსი თამარ ახვლედიანი, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი შეინ როზენტალი, საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე კამილ ბოუმედი და ბანკის სხვა წარმომადგენლები.