კულტურის სამინისტრო საქართველოს დამსახურებულ არტისტს – პავლე ნოზაძეს 75 წლის იუბილეს ულოცავს
კულტურის სამინისტრო საქართველოს დამსახურებულ არტისტს, პავლე ნოზაძეს 75 წლის იუბილეს ულოცავს.
„პავლე ნოზაძე 1961-1970 წლებში იყო ბორჯომის სახალხო თეატრის მსახიობი, 1974-2003 წლებში თამაშობდა მეტეხის თეატრის სცენაზე, 2003 წელს რევაზ მიშველაძესთან ერთად დააარსა ქართული ნოველის თეატრი, შემოქმედებითი ცხოვრების შემდეგი ეტაპი კი, როგორც გამოცდილმა და აღიარებულმა მსახიობმა, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრს დაუკავშირა.
აღსანიშნავია პავლე ნოზაძის შესრულებული თეატრალური როლები: შვეიკი (იაროსლავ ჰაშეკი, „შვეიკი”), სანჩო პანსა (სერვანტესი, „დონ კიხოტი”), მესაფლავე (უილიამ შექსპირი, „ჰამლეტი”), დიდრო (ნოდარ დუმბაძე, „დიდრო”), ექიმი, წამყვანი (ჯონ ფულდი, „ვირის ჩრდილი”), ლუკაია (ნოდარ დუმბაძე, „მე ვხედავ მზეს”), მწყემსი (უილიამ შექსპირი, „ზამთრის ზღაპარი”), ფილიპე (დავით კლდიაშვილი, „ირინეს ბედნიერება”) და სხვა. ასევე ძალიან საინტერესოა მონოსპექტაკლები (პავლე ნოზაძე, „15 კლასიკური მონოლოგი”, რევაზ მიშველაძე, „ცრემლები” და სხვ.).
პავლე ნოზაძემ ბევრი სახასიათო პერსონაჟი შექმნა ქართულ კინოშიც, ესენია: გულო („ცეცხლთან თამაში”), მშობელი („მაისის თოვლი”), მეფუნდუკე, თავადი („დონ კიხოტი”), ქურდი („ელისა და რარუს თავგადასავალი”), ქარსელაძის მეგობარი („ფარანი ქარში”), სიკვდილმისჯილი („ყველაზე სწრაფები მსოფლიოში”), ბენქსტონი („ცხელი ძაღლი”), ექსპერტი კობახიძე („მტვრის გემო”), ადმინისტრატორი („დარჩი ჩემთან”) და სხვა.
დღეს, პავლე ნოზაძის იუბილესთან დაკავშირებით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი – „არ დამივიწყო“.
პავლე ნოზაძე არის საქართველოს დამსახურებული არტისტი. მიიღო არაერთი პრემია და ჯილდო, მათ შორის: ღირსების ორდენი, ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებასა და მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, 2020 წლის 20 იანვარს კი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ პავლე ნოზაძეს ვარსკვლავი გაუხსნეს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს პავლე ნოზაძეს იუბილეს და ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.