გიორგი ვოლსკი: როგორიც არ უნდა იყოს ლავროვის განცხადება, საქართველო იმ პოლიტიკას ატარებს, რაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებს შეესაბამება
“როგორიც არ უნდა იყოს ლავროვის განცხადება, საქართველო იმ პოლიტიკას ატარებს, რაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებს შეესაბამება”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი გიორგი ვოლსკი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იმ განცხადებას, სადაც სერგეი ლავროვი ამბობს: “პატივს იწვევს საქართველოს მთავრობის უნარი შეეწინააღმდეგოს დასავლეთის ზეწოლას რუსეთის წინააღმდეგ”.
ვოლსკის თქმით, ყველა ქვეყანა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და აკეთებს განცხადებებს, მთავარია ის, თუ რა ინტერესი აქვს საქართველოს.
„რასაკვირველია, ლავროვი განცხადებას იმ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს, რომელსაც წარმოადგენს. ლავროვი ყოველთვის იმ პერიოდში გამოჩნდება ხოლმე, როცა “ნაცმოძრაობაში” ან შიგნით არის არეულობა, ან მისი ქმედებები სკანდალურია და საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული. საქართველო იმ პოლიტიკას ატარებს, რაც საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესებს შეესაბამება, როგორიც არ უნდა იყოს ლავროვის განცხადება. რასაკვირველია, ოპოზიციის განცხადებები ხავსთან ჭიდილია, რომ ამოვიდნენ იმ მღვრიე დინებიდან, რომელიც თავის თავს თავად შეუქმნეს. აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდებაა იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველო რუსეთის სასარგებლოდ რაღაც ეკონომიკურ საქმიანობაშია ჩართული. რუსეთის განცხადება მიუთითებს, რომ საქართველოში გარკვეული დესტაბილიზაციისა და რყევის სიტუაცია მუდმივად იყოს. ყველა ქვეყანა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და აკეთებს განცხადებებს. მთავარია ის, რა ინტერესი აქვს საქართველოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.