ირაკლი მეძმარიაშვილმა პაველ ჰერჩინსკის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ გატარებული ღონისძიებები მიმოიხილეს და ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე ისაუბრეს.
ირაკლი მეძმარიაშვილმა ევროპელ დიპლომატს კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ის პრიორიტეტები გააცნო, რომელსაც კომიტეტი მიმდინარე წლის განმავლობაში გეგმავს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საკანონმდებლო დონეზე კომიტეტი დაინტერესებულია სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებზე ევროპული მიდგომები და სტანდარტები დაინერგოს, რაზეც პაველ ჰერჩინსკიმ თანამშრომლობის და დახმარების მზაობა გამოთქვა.