დავით მათიკაშვილი: იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი სახე ბოლომდე ეჩვენებინა, პარტიული არჩევნები საკმარისი აღმოჩნდა
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესი საბოლოოდ გამოიწვევს შემდეგს – რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფება, რომლის ადგილი ჯანსაღ პოლიტიკურ სივრცეში არ არის, მარტივ მამრავლებად დაიშლება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” ერთმანეთს არ ინდობენ და კომპრომატებით დარბიან.
„იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი სახე ბოლომდე ეჩვენებინა, პარტიული არჩევნები საკმარისი აღმოჩნდა. ისინი ფაქტობრივად, პოლიტიკურად საზოგადოების წინაშე გაშიშვლდნენ და დაანახეს თუ რისი გამკეთებლები იყვნენ და არიან დღეს – როგორც ერთმანეთის, ასევე რა თქმა უნდა, საზოგადოების მიმართ. არ ინდობენ ერთმანეთს, კომპრომატებით დარბიან, კანდიდატების დისკრედიტაციას ცდილობენ. ამ ყველაფრიდან კარგად ჩანს, მაშინ როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და ხელში ძალაუფლება ჰქონდათ, რა დოზით სჩადიოდნენ სიბინძურეს საკუთარი მოსახლეობის მიმართ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.