ირაკლი კოვზანაძემ და პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხზე ისაუბრეს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე.

ირაკლი კოვზანაძემ ელჩს კომიტეტის ფუნქციები და მიმდინარე წლის გეგმები გააცნო. საუბარი შეეხო 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებს, ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, მონეტარულ სტაბილურობას, საფინანსო-საბანკო სისტემის მდგრადობას. როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, ბოლო ორი წელია ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს.

„ვფიქრობ, რომ 2023 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის შემდგომი ზრდის წელი იქნება“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და საინვესტიციო შესაძლებლობების კიდევ უფრო გაფართოების მნიშვნელობას და პერსპექტივებს.

ირაკლი კოვზანაძემ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტზეც ისაუბრა, რომელიც კომიტეტმა გასულ წელს დაიწყო. აღინიშნა, რომ TWINNING-ის ორწლიანი პროექტი გააძლიერებს საპარლამენტო ზედამხედველობას საჯარო ფინანსებზე და ამ კუთხით, ევროპული მრავალწლიანი გამოცდილება მნიშვნელოვანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები