DW: გერმანია გაზის იმპორტს ერაყიდან გეგმავს
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ერაყიდან გაზის ექსპორტს არ გამორიცხავს.
ამის შესახებ Deutsche Welle იტყობინება.
როგორც შოლცმა ერაყის ახალ პრემიერმინისტრთან, მოჰამედ შია ალ-სუდანისთან ბერლინში შეხვედრის შემდეგ თქვა, ერაყი „ჩვენთვის ძალიან მისასალმებელი პარტნიორი იქნებოდა, როდესაც საქმე ეხება გერმანიაში გაზისა და ნავთობის იმპორტს“.
მისი თქმით, გერმანიის გავლით იმპორტირებული გაზი, ევროპის სხვა ქვეყნებსაც შეიძლება, მიეწოდებოდეს.
შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბერლინს არ სურს კვლავ გახდეს დამოკიდებული გაზის ცალკეულ მომწოდებლებზე, როგორც ადრე რუსეთზე იყო დამოკიდებული.
თავის მხრივ, ალ-სუდანმა აღნიშნა, რომ ერაყი გეგმავს გაზის ექსპორტის კიდევ მეტ ზრდას.
„გვაქვს ამბიციური გეგმები, გამოვიყენოთ გაზი, რომელიც თან ახლავს ნავთობის წარმოებას. ჩვენ ვაჩვენეთ ეს შესაძლებლობები და მოვიწვიეთ გერმანული კომპანიები ამ სექტორში ინვესტიციებისთვის“, – განაცხადა მან.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, ერაყი ნავთობის მწარმოებლებს შორის მეხუთე ადგილზეა.
გაზის ექსპორტი ხდება LNG ტერმინალის მეშვეობით, რომელიც Basra Gas Company მიერ 2022 წელს გაიხსნა.