იური ლუჟკოვმა რუსეთის ხელისუფლება სოჭის ოლიმპიადის ხარჯებისთვის გააკრიტიკა
სოჭის ოლიმპიადაზე ჩასულმა მოსკოვის ყოფილმა მერმა რუსულ „ბი-ბი-სის“ ინტერვიუ მისცა. იური ლუჟკოვმა რუსეთის ხელისუფლება სოჭის ოლიმპიადისთვის დახარჯული მრავალი მილიონის გამო გააკრიტიკა. მან თამაშების გახსნის ცერემონიას ლონდონის ორი წლის წინანდელი ცერემონიის კოპირება უწოდა.
,,მე არ გამიანალიზებია სოჭის ოლიმპიადის დანახარჯები, მაგრამ ფაქტია, რომ იგი ისტორიაში ყველაზე დიდია. ამას მე ჩვენი ქვეყნის მიღწევას ვერ ვუწოდებ, საჭიროა ბოდიში მოუხადონ სოჭის მცხოვრებლებს, რადგან ეს ქალაქი რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრებისთვის უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა“, -აცხადებს ლუჟკოვი.
„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, სოჭის თამაშები, რომლის ბიუჯეტმაც დაახლოებით 50 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ყველაზე ძვირად ღირებული გახდა ისტორიაში. რუსეთის მთავრობის მტკიცებით კი „ოლიმპიადა 2014“-ის დანახარჯებს სახელმწიფოს მხრიდან 7 მილიარდისთვის არ გადაუჭარბებია. ყოფილმა ქალაქის თავმა, რომელიც, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, 2010 წელს გადააყენეს, განაცხადა, რომ ოლიმპიურმა ობიექტებმა მასზე შთაბეჭდილება მოახდინეს.
,,შემიძლია ვთქვა, რომ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ოლიმპიური ობიექტები კარგია და, ვფიქრობ, მშენებლებს, არქიტექტორებს და მათ, ვინც ეს განახორციელა, უნდა მივულოცოთ,“- აცხადებს ლუჟკოვი, რომელმაც სოჭი მეუღლესთან, ელენა ბატურინასთან ერთად მოინახულა.
ჟურნალ ,,ფორბსის“ ვერსიით, ბატურინა, რომელიც 2010 წელს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ბიზნეს-ლედის სამეულში შევიდა, უკვე რამდენიმე წელია რუსეთის ფარგლებს გარეთ, ძირითადად, ლონდონში ცხოვრობს, მიზეზი -ახლანდელ ხელისუფლებასთან კონფლიქტია. 2102 წლის ზაფხულში კომპანია ,,ინტეკოს“ ექსხელმძღვანელი ერთ-ერთი ბანკის საქმეზე დაჰკითხეს. სხვა სოჭი, ლუჟკოვის თქმით, რომელიც მას ახსოვდა, აღარ არსებობს.
,,სოჭი სულ სხვაა, იგი აღარ არის მყუდრო ქალაქი, რომელიც რუსებისთვის საოცნებო ქალაქი იყო. ახლა იგი გართობის ინდუსტრიაა. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი“,- ამბობს ლუჟკოვი.
,, მე ვიყავი ლონდონის ოლიმპიადის გახსნაზე. მომეჩვენა, რომ ეს ოლიმპიადა ლონდონის ოლიმპიადის წარუმატებელი კოპირებაა. შესანიშნავი და მთლიანად ამაღელვებელი იდეა ლონდონის ოლიმპიადის გახსნიდან არის აღებული. წარსულის გახსენება ბევრი იყო, თუმცა თავად ისტორია არ იყო გადმოცემული. პიერ ბეზუხოვის კარნავალი არ არის რუსეთის ისტორიის მთავარი მოვლენა. და კიდევ ბევრი სხვა რამ, რაც, მართლაც, მნიშვნელოვანია,- ნაჩვენები არ იყო“, – განაცხადა ლუიჟკოვმა.
ცერემონიის პროდიუსერმა კონსტანტინ ერნსტმა, რომელიც პირველი არხის ხელმძღვანელიცაა, განაცხადა, რომ იგეგმებოდა სამამულო ომის თემის უფრო დეტალურად წარმოდგენა, თუმცა ოლიმპიურმა კომიტეტმა შოუს ეს ნაწილი შეამცირა. ერნსტმა, რომელიც ცერემონიის დახურვის ორგანიზების პასუხისმგებელიცა არის, დააკონკრეტა, რომ მას კომიტეტთან არანაირი პრეტენზია არ აქვს, თუმცა ნანობს, რომ საბოლოო ვარიანტში სამამულო ომის თემას რამდენიმე წამი დაეთმო.