საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიას 7 თებერვალს დაიწყებს. რეგლამენტის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში სწორედ თებერვლის პირველ სამშაბათს ახლდება ოფიციალური საქმიანობა.
მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესია საკმაოდ დატვირთული იქნება, ვინაიდან ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით რამდენიმე გადაწყვეტილებაა მისაღები.
ამასთან, პარლამენტმა უნდა აირჩიოს სახალხო დამცველი, რომლის შერჩევის პროცესი საკანონმდებლო ორგანოში გასულ წელს ერთხელ უკვე ჩავარდა, პოლიტიკური მხარეები კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ.
ასევე უნდა აირჩიონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ცესკო-ს წევრები, რომლებზეც გასულ სასესიო წელს ვერ შეთანხმდნენ.
საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პარლამენტი ელოდება ვენეციის კომისიის დასკვნასაც ე.წ. დეოლოგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მმართველმა გუნდმა რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიაში გასულ წელს გააგზავნა.
ევროკომისიის რეკომენდაციების გარდა, პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე დისკუსიის საგანი იქნება სახელმწიფო უწყებების ანგარიშები. მათ შორის, პრემიერმინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ასევე სახალხო დამცველის.
საგაზაფხულო სესიაზე პოლიტიკურ მხარეებს საშუალება ექნებათ ინტერპელაციის ფორმატის გამოყენების, ასევე მინისტრის საათის ფორმატში მთავრობის წარმომადგენლების მოსმენის და მათი საქმიანობის შეფასების.
რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლოს იხურება.