რუსები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს ამართლებენ და ეხმარებიან მის წარმოებაში ან ადიდებენ ტერორისტულ სახელმწიფოს, ცივილიზებული სამყაროსგან უნდა იყვნენ იზოლირებულნი.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა და ამ სიტყვებით იმ სანქციებს გამოეხმაურა, რომელიც დღეს რუს მომღერლებს, ტელეწამყვანებს და მსახიობებს დაუწესა.
„არსებობს შუალედური შედეგი რუსეთის ბევრ მოქალაქესთან და მასთან დაკავშირებულ პირებთან მიმართებაში, რომლებიც ამართლებენ ომს, ეხმარებიან მის წარმოებაში ან ადიდებენ ტერორისტულ სახელმწიფოს. დღეს არის პირველი სანქციების სია – იქნება შემდგომი გადაწყვეტილებები ასეთი პირების მიმართ“, – თქვა უკრაინის ლიდერმა.
ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება აამოქმედა, რომელიც 119 პირს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს უჭერენ მხარს, სანქციებს უწესებს.
სიაში მოხვედრილია რუსი მომღერლები, ტელეწამყვანები, მსახიობები: ფილიპ კირკოროვი, დიმა ბილანი, ნიკიტა მიხალკოვი, ირინა ალეგროვა, ევგენი პეტროსიანი, მარგარიტა სიმონიანი, ლეონიდ იაკუბოვიჩი, მიხაილ გალუსტიანი, დანა ბორისოვა, ვლადიმირ პრესნიაკოვი, ლარისა დოლინა, სერგეი ლაზარევი, როდიონ გაზმანოვი, გრიგორი ლეპსი, იგივე გრიგორი ლეფსვერიძე და სხვები.
ასევე ნუსხაში უკრაინის სამი მოქალაქეა: ტელეწამყვანი ჟანა ბადოევა; ფეხბურთელი – ანატოლი ტიმოშჩუკი; მომღერალი ლოლიტა მილავსკაია (მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს).
დოკუმენტის თანახმად, სანქცირებულ პირებს უკრაინაში აქტივებს დაუბლოკავენ; მათთან იკრძალება სავაჭრო ოპერაციები; უქმდება ყველა ლიცენზია ან ნებართვა; იკრძალება ფასიანი ქაღალდების ტრანზაქცია და საავტორო უფლებების გადაცემა.