თურქეთის შეიარაღებული ძალები, სომხეთის საზღვართან, აგრის(არარატი) მთაზე, ზღვის დონიდან 2100 მეტრზე, ახალ სამხედრო ბაზას აშენებენ.
თურქული მედიის ცნობით, სამხედრო ბაზის აშენების მიზანი ტერორიზმთან ბრძოლაა, რადგან სწორედ ამ ტერიტორიაზე გადის ერთ-ერთი მთის მარშრუტი, რომელსაც ქურთთა მუშათა პარტიის წევრები ირანიდან თურქეთში გადასასვლელად იყენებენ.
აგრის გუბერნატორმა, ოსმან ვაროლმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამხედრო ბაზა აშენდება სპეციალური მოდულური ბლოკებისგან და სამხედროების განსათავსებლად ყველა პირობა შეიქმნება.
„ამავდროულად, ბაზა იქნება აღჭურვილი ყველა სახის თანამედროვე ტექნიკით“, – დასძინა მან.
ვაროლთან ერთად ბაზის სამშენებლო პროცესს, ჟანდარმერიის მეთაური, გენერალი, ხუსამეთინ ეროლი და სხვა ოფიციალური პირები გაეცნენ. მაღალჩინოსნებმა აღნიშნეს, რომ ტერიტორიას თურქეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
”ამ რეგიონში ჩვენი უსაფრთხოების ძალების განლაგებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”, – თქვა ვაროლმა.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ თურქეთის მიერ აგრის მთაზე სამხედრო ბაზის შექმნამ, სომხეთში შეშფოთება გამოიწვია. სომხურმა მედიამ, თურქეთის აღნიშნული თავდაცვითი ზომები “ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ“ შეაფასა.