უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება აამოქმედა, რომელიც 119 პირს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს უჭერენ მხარს, სანქციებს უწესებს.
კერძოდ, სიაში მოხვედრილია რუსი მომღერლები, ტელეწამყვანები, მსახიობები: ფილიპ კირკოროვი, დიმა ბილანი, ნიკიტა მიხალკოვი, ირინა ალეგროვა, ევგენი პეტროსიანი, მარგარიტა სიმონიანი, ლეონიდ იაკუბოვიჩი, მიხაილ გალუსტიანი, დანა ბორისოვა, ვლადიმირ პრესნიაკოვი, ლარისა დოლინა, სერგეი ლაზარევი, როდიონ გაზმანოვი, გრიგორი ლეპსი, იგივე გრიგორი ლეფსვერიძე და სხვები.
ასევე ნუსხაში უკრაინის სამი მოქალაქეა: ტელეწამყვანი ჟანა ბადოევა; ფეხბურთელი – ანატოლი ტიმოშჩუკი; მომღერალი ლოლიტა მილავსკაია (მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს).
დოკუმენტის თანახმად, სანქცირებულ პირებს უკრაინაში აქტივებს დაუბლოკავენ; მათთან იკრძალება სავაჭრო ოპერაციები; უქმდება ყველა ლიცენზია ან ნებართვა; იკრძალება ფასიანი ქაღალდების ტრანზაქცია და საავტორო უფლებების გადაცემა.