გიორგი ცაგარეიშვილი: მერაბიშვილის ცემის ფაქტი მიუღებელია – ნებისმიერი პოლიტიკოსის მიმართ, რა ბრალიც არ უნდა მიუძღოდეს, ქუჩაში ანგარიშსწორება არის მიუღებელი
“ჩვენ ის წლები სწორედ ამას ვებრძოდით. ამიტომ, მე ვფიქრობ, ამგვარი რამ დაუშვებელია. ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი, 7 წელი გაატარა სატუსაღოში და ახლა იგი არის თავისუფალი”,- ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ფაქტს, რა დროსაც შს ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის სიძე, გიორგი შარაშიძე გაუსწორდა.
ცაგარეიშვილის თქმით, მომხდარი მისთვის მიუღებელია.
“ნებისმიერი პოლიტიკოსის მიმართ, რა ბრალიც არ უნდა მიუძღოდეს, ქუჩაში ანგარიშსწორება არის მიუღებელი. ხშირად ჩვენი მართლმსაჯულების განხორციელებით არ ვარ კმაყოფილი და ამას არც ვმალავ და მიმაჩნია, რომ ჯერჯერობით, ყველა დამნაშავის კართან ჩვენი მართლმსაჯულების ურემი არ გაჩერებულა. რაც შეეხება მერაბიშვილის ცემის ფაქტს, ვფიქრობ, რომ ეს არის მიუღებელი და შესაბამისი ორგანოები შეაფასებენ მას, როგორც საჭიროა”, – აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი2“-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, გიორგი (გიგიშა) შარაშიძე გაუსწორდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად შარაშიძეც ადასტურებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შს ყოფილ მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.