თამარ არჩუაძე: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის Duty Free-ს პროექტის საინვესტიციო ღირებულება მილიონი ევროა
დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამფრენ მგზავრებს, საქართველოში პირველი ე.წ. Walk-through კონცეფციის Duty free-ით სარგებლობა შეეძლებათ, სადაც სხვადასხვა საერთაშორისო და ქართული ბრენდების პროდუქციაა წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის Duty free-ს საინვესტიციო ღირებულება მილიონი ევროა.
„მოხარულები ვართ, რომ ATU Duty Free-თან ჩვენი თანამშრომლობა შედგა და დღეს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გავხსენით სრულიად განსხვავებული კონცეფციის თავისუფალი ვაჭრობის სივრცე, ე.წ. Walk-throughDuty Free, რომელიც თანამედროვე და საუკეთესო პრაქტიკაა მსგავსი ტიპის ბიზნესში. საქართველოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი პირველია, სადაც ასეთი ტიპის კონცეფციის თავისუფალი ვაჭრობის სივრცე მოეწყო. კომპანია ATU DUTY FREE-ს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ევროპის მასშტაბით თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების მოწყობისა და ოპერირების მიმართულებით. რაც მთავარია, მნიშვნელოვანია, რომ ის ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრაქტორია და აეროპორტში ერთ-ერთი დიდი დამსაქმებელი. პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ მილიონი ევრო შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი არამხოლოდ ჩვენი აეროპორტისთვის, არამედ იმერეთის რეგიონისთვისაც“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.
ქუთაისის აეროპორტის თავისუფალი ვაჭრობის სივრცეში-მ ATU DUTY FREE 30 ადამიანი დაასაქმა, რომელთა რაოდენობაც ზაფხულისთვის 50-მდე გაიზრდება. კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა კი 1 მილიონ ევროს შეადგენს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზის 568 კვ.მეტრზე მოწყობილი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე ორ ნაწილად არის დაყოფილი: კონცეპტუალურად ერთ-ერთი მათგანი ქართულ პროდუქციას ეთმობა, მეორე კი საერთაშორისო ბრენდებს.