ირაკლი ხელაძე: დღეს ვიხილავთ და ვამტკიცებთ ისტორიულ ბიუჯეტს, რომლის მოცულობაც 1 მილიარდ 632 მილიონ ლარს შეადგენს

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, რომელზეც მერის საქმიანობის წლიური ანგარიში მოისმინეს და დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, განცხადება საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ხელაძემ გააკეთა.

მისი თქმით, დღეს საკრებულოს სხდომაზე ისტორიულ ბიუჯეტს ამტკიცებენ და შენარჩუნებულია ყველა პრიორიტეტი.

„დღეს ვიხილავთ და ვამტკიცებთ ისტორიულ ბიუჯეტს, რომლის მოცულობაც 1 მილიარდ 632 მილიონ ლარს შეადგენს. ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ პრიორიტეტები შენარჩუნდებოდა. თავის დროზე, როდესაც პირველი პროექტი გამოიგზავნა საკრებულოში, მაშინ ჩვენმა ფრაქციამ შეიმუშავა რეკომენდაციები და მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ რეკომენდაციების ასახვაში მიიღო მონაწილეობა,“- განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციის განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპონენტების მხრიდან ახალი და განსხვავებული არაფერი თქმულა. „ზოგადად, ოპოზიციის დღევანდელ გამოსვლებს თუ მოვისმენდით და მივაქცევდით ყურადღებას, განსხვავებული არაფერი მომხდარა. წლებია უკვე, ამ ქალაქის განვითარება გრძელდება, თუმცა მათი მხრიდან ამაზე ადამიანურად თვალის გასწორება და აღიარება არ ხდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე კარგი პასუხი ოპოზიციის განცხადებებზე მერიის მხრიდან და ჩვენი მხრიდანაც არის ის ფინანსური დოკუმენტი, რომელიც ალბათ ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესოა,“- განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
მან მერიის სამსახურებს და რაიონულ გამგეობებს წარმატება უსურვა მომდევნო ერთი წლის მუშაობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები