ლიეტუვის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობა მოითხოვა

ლიეტუვის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინაში მიმდინარე ომი დაგმო და მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობა მოითხოვა.

ლიეტუვის მართლმადიდებლური ეკლესიის კრებას ქვეყნის ყველა ეპარქიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

ეკლესიის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე ხაზგასმულია, რომ კრებამ „სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მისი ლიდერის, ვილენსკისა და ლიეტუვის მიტროპოლიტ ინოკენტის ანტისაომარ პოზიციას“.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „ეკლესიის სტატუსი რეალურ მდგომარეობასთან შესაბამისობაში უნდა იყოს მოყვანილი“.

“მოგეხსენებათ, ლიეტუვის მართლმადიდებლური საარქიეპისკოპოსო არის ლიეტუვის ერთ-ერთი ტრადიციული რელიგიური თემი, მორალურად და ფინანსურად დამოუკიდებელი რელიგიური ორგანიზაციაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის საბჭომ გადაწყვიტა მიმართოს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს, კირილს ავტოკეფალური (დამოუკიდებელი) სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.

პატრიარქისადმი მიმართვა აუცილებელია, რომ მოსკოვის საპატრიარქოდან გასვლა კანონიკური იყოს და განხეთქილებად არ ჩაითვალოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები