უკრაინის საგარეო უწყება: უნგრეთის პრემიერის განცხადება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ პათოლოგიურ უპატივცემულობას აჩვენებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება აჩვენებს პათოლოგიურ უპატივცემულობას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
მათივე შეფასებით, ვიქტორ ორბანის განცხადება მის საკუთარ პოლიტიკურ ახლომხედველობას წარმოადგენს.
„უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება აჩვენებს პათოლოგიურ უპატივცემულობას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძვის, ასევე, მის საკუთარ პოლიტიკურ ახლომხედველობას. ომში უკრაინის დამარცხება, რომლისკენაც ვიქტორ ორბანი ირიბად მოუწოდებს, გამოიწვევდა რუსეთის აგრესიის პირდაპირ საფრთხეს უნგრეთისთვის და უნგრელებისთვის.
უნგრეთის ლიდერმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, სურს თუ არა მას მშვიდობა. თუ პასუხი დადებითია, უნდა გამოიყენოს თავისი მჭიდრო კავშირები მოსკოვთან, რათა მან შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია და გაიყვანოს ჯარები“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, თუ აშშ შეწყვეტს უკრაინის ფულითა და იარაღით მომარაგებას, ომიც შეწყდება.