ილია დარჩიაშვილი: ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილსაც მიემართა დიპლომატებისთვის – სამწუხაროდ, მან მიიღო გადაწყვეტილება, დღევანდელ ღონისძიებას არ დასწრებოდა
“მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ საქართველოს პრეზიდენტს ველოდებოდით, სურვილი მქონდა რომ მას მონაწილეობა მიეღო დღევანდელ ღონისძიებაზე”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელ ღონისძიებაში სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა ყველასთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა.
“დარწმუნებული ვარ, ეს ტექნიკურ საკითხები მალე აღმოიფხვრება და მომავალში პრეზიდენტი მსგავსი ტიპის შეკრებაზე მობრძანდება და საქართველოს დიპლომატებს მიმართავს. დღეს ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ საქართველოს პრეზიდენტი მობრძანებულიყო და მასაც მიემართა დიპლომატებისთვის. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დღევანდელ ღონისძიებას არ დასწრებოდა. ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის მობრძანება და მონაწილეობა ამ ფორმატში იქნებოდა ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი ყველასთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისთვის, 2022 წლის ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა არ მიიღო.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ღონისძიებებში, მით უფრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მთავარ დიპლომატიურ კონფერენციაზე, სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეში დარღვევა. მათივე განცხადებით, ამგვარ დარღვევას, ადგილი ჰქონდა ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე და გამოიხატა ღონისძიების მასპინძლის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრაში.