ილია დარჩიაშვილი: ქვეყანაში გატარებული თითოეული რეფორმა განკუთვნილია ჩვენი მოსახლეობისთვის, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დღეს მხოლოდ ევროპული პერსპექტივა აქვს მინიჭებული, ეს ჩვენთვის არის მთავარი იმპულსი იმისთვის, რომ მაქსიმალურად ვკონცენტრირდეთ იმაზე, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი”,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, თითოეული რეფორმა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვისაა განკუთვნილი.
“ჩვენ ვამბობდით და ცალსახაა, რომ ნებისმიერი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია არის რთული, გამოწვევებით სავსე გზა, თუმცა, ეს არის ჩვენთვის შეგნებული არჩევანი, ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური მოსახლეობის სურვილი, რომ საქართველო იყოს სრულფასოვანი წევრი ევროპული ოჯახის. მიუხედავად რთული გამოწვევებისა, ეს ჩვენ არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და ეს არის იმპულსი, რომ ხვალ შედეგზე ორიენტირებული მიდგომები და აქტივობებით გავაგრძელოთ გზა ევროპული ინტეგრაციისკენ. ჩვენი თითოეული რეფორმა, რომელსაც ქვეყანაში ვატარებთ პირველ რიგში, განკუთვნილია ჩვენი მოსახლეობისთვის, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ამ კუთხით, ეს მოტივაცია პირდაპირ თანხვედრაშია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მოლოდინთან. როგორც იცით, აქტიურად დავიწყეთ 12 პუნქტთან მიმართებაში მუშაობა საქართველოს პარლამენტი არის სივრცე სადაც გახსნილია პოლიტიკური დიალოგი. მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროცესი ერთის მხრივ იყოს ინკლუზიური და მეორეს მხრივ, აღებული ვალდებულებები მალე შევასრულოთ და საქართველომ აქტიურად გააგრძელოს ევროინტეგრაციის პროცესი. ჩვენ ოპტიმიზმი არასდროს გვაკლდა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას ეხებოდა საკითხი. წელსაც, დიდი მოლოდინი გვქონდა კანდიდატის სტატუსის მიღების. ეს ოპტიმიზმი რა თქმა უნდა გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ იმ მოქმედებით, რეფორმებითა და საკანონმდებლო მუშაობით, რომელიც საქართველოს მმართველმა გუნდა პარლამენტში ჩაატარა, საქართველოს ნამდვილად ექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგები. ეს იმპულსები არის ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, წლის განმავლობაში, როდესაც პრემიერ-მინისტრის ჰქონდა უმნიშვნელოვანესი ვიზიტები მივიღეთ ძალიან დადებითი, მნიშვნელოვანი სიგნალები იმისი, რომ საქართველო სწორ გზას ადგას, რომელიც მოგვიტანს კანდიდატის სტატუსს რაც მოგვცემს შესაძლებლობას შემდეგ ფაზაში გადავიდეთ ევროინტეგრაციის“,- განაცხადა დარჩიაშვილმა.