ილია დარჩიაშვილი: ქართულმა დიპლომატიამ წარმოუდგენლად მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინა
“2022 წელს მსოფლიო დადგა ფუნდამენტალურად ახალი რეალობის წინაშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ალბათ მიზანშეწონილია ჩვენ თავს დავუსვათ კითხვა, თუ რამდენად შევძელით ჩვენ განვლილი ერთი წლის გადმოსახედიდან სწრაფად და რადიკალურად შეცვლილ გარემოსთან ადაპტირება, ისე რომ კიდევ უფრო გაგვეაქტიურებინა ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისკენ სწრაფვა”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება – ელჩების კონფერენცია 2022-ის გახსნაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქართულმა დიპლომატიამ წარმოუდგენლად მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინა.
„მიმდინარე წლის ელჩების კონფერენცია განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს, იქიდან გამომდინარე, რა მასშტაბის მოვლენები ვითარდება გლობალურ სამყაროში, რომლის ნაწილიც რა თქმა უნდა ჩვენც ვართ. მოგეხსენებათ, უახლოესი ისტორიის განმავლობაში ჩვენ არასდროს გვაკლდა საგარეო პოლიტიკური საფრთხეები, თუმცა გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ განვლილი წელი ამ კუთხით ყველაზე რთული და დაძაბული აღმოჩნდა. 2022 წელს მსოფლიო დადგა ფუნდამენტალურად ახალი რეალობის წინაშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ალბათ მიზანშეწონილია ჩვენ თავს დავუსვათ კითხვა, თუ რამდენად შევძელით ჩვენ განვლილი ერთი წლის გადმოსახედიდან სწრაფად და რადიკალურად შეცვლილ გარემოსთან ადაპტირება, ისე რომ კიდევ უფრო გაგვეაქტიურებინა ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისკენ სწრაფვა.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ასეთ პირობებშიც კი ქართულმა დიპლომატიამ გამოიჩინა წარმოუდგენლად მაღალი პროფესიონალიზმი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ წარმატებაში დიდი როლი შეასრულა ხელისუფლების სხვადასხვა შტოებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირებულმა ქმედებებმა, ასევე მმართველი გუნდის საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანმიმდევრულმა საგარეო პოლიტიკურმა ნაბიჯებმა. ამ კუთხით განსაკუთრებით გამოვყოფ ბატონი პრემიერ-მინისტრის როლს, რომელიც ამ რთულ პირობებში სამთავრობო გუნდმა წარმატებით შეძლო ქვეყნის ინტერესების შესაბამისად გარე საფრთხეებთან გამკლავება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2022 წელს ქვეყანამ დაამტკიცა, რომ მის სახელმწიფო ინსტიტუტებს შესწევთ უნარი, ეფექტურად გაუმკლავდნენ გამოწვევებს, რაც მდგრადი და წარმატებული სახელმწიფოს ნიშანია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.