ბელგიის სასამართლომ ევროდეპუტატი ევა კაილი პატიმრობაში დატოვა
ბელგიის სასამართლომ ბერძენი ევროპარლამენტარი, ევა კაილი პატიმრობაში კიდევ ერთი თვით დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
დღევანდელ პროცესზე ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას ითხოვდნენ და სურდათ, რომ მისი გადაადგილება ელექტრონული სამაჯურით ყოფილიყო შესაძლებელი. თუმცა, სხდომის შემდეგ სასამართლომ განაცხადა, რომ „წინასწარ პატიმრობას კიდევ ერთი თვით ახანგრძლივებს“.
აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კაილის ადვოკატებს 24-საათიანი ვადა აქვთ. გასაჩივრების შემთხვევაში ევა კაილი ბრიუსელის სააპელაციო სასამართლოში 15 დღის ვადაში წარდგება.
შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება.