ჯანმო მსოფლიოში ანტიბიოტიკების დეფიციტს აფიქსირებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები, მსოფლიოში ინფექციური დაავადებების ზრდის ფონზე, ანტიბიოტიკების დეფიციტს აფიქსირებენ.

ამის შესახებ Financial Times-ი ჯანმო-ს წამლების მიწოდებისა და ხელმისაწვდომობის ჯგუფის ხელმძღვანელზე, ლიზა ჰედმანზე დაყრდნობით წერს.

მისი ინფორმაციით, ჯანმო-ს მიერ შეგროვებული მონაცემიდან, 35 ქვეყნის 80% პენიცილინის პრეპარატების დეფიციტს განიცდის. აშშ-სა და კანადაში უჩივიან ამოქსიცილინის ნაკლებობას. გარდა ამისა, ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 25-მა აღნიშნა პრობლემის არსებობა.

ჰედმანის თქმით, ღარიბ ან პატარა ქვეყნებში შექმნილი ვითარების შესახებ ნაკლებია ცნობილი. მისი თქმით, ეს სახელმწიფოები შესაძლოა, უფრო მეტად დაზარალდნენ, განსაკუთრებით – იმ შემთხვევაში, თუ მათი ვალუტა გაუფასურდა და მედიკამენტების შესყიდვა ღია ბაზარზე უწევთ.

ჯანმო-ს წარმომადგენელი განმარტავს, რომ, პანდემიის დროს ანტიბიოტიკებზე მოთხოვნის შემცირების და მიწოდების ჯაჭვებზე ძლიერი დატვირთვის გამო, წარმოების მოცულობა შემცირდა.

“პრობლემა დღემდე რჩება აქტუალური. ასევე, გართულებულია მედიკამენტების წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდება. თავის მხრივ, ენერგოფასების გაძვირება იწვევს მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიების მოგების შემცირებას. დეფიციტი ასევე წარმოიშვა იმის გამო, რომ ქვეყნები არ ელოდნენ, რომ იმატებდა რესპირატორული ინფექციები”, – თქვა ჰედმანმა.

Financial Times-ის ცნობით, ზოგიერთი ამერიკელი და ევროპელი ფარმაცევტი უჩივის ისეთი ტკივილგამაყუჩებლების ნაკლებობას, როგორიცაა პარაცეტამოლი. ეს გამოწვეულია მათზე მოთხოვნის ზრდით გრიპის, რესპირატორული ვირუსისა და კორონავირუსის ზამთრის ტალღის გამო.

გარდა ამისა, ექსპერტებმა დააფიქსირეს ტუბერკულოზისა და კანის ინფექციების სამკურნალო მედიკამენტების დეფიციტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები