უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, ლიეტუვის მუნიციპალიტეტებში სადღესასწაულო განათება ერთი საათით გაითიშება

უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, ლიეტუვის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სადღესასწაულო განათება ერთი საათით გაითიშება. ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებენ, ასევე ერთი საათით გამორთონ განათება ნაძვის ხეებზე.

ამის შესახებ Delfi წერს.

აქციაში „საათი უკრაინასთან“ მონაწილეობას მიიღებენ ვილნიუსი, კაუნასი, ვილკავიშკი და სხვა მუნიციპალიტეტები.

„უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, ვილნიუსში ერთი საათით გაითიშება ყველა საშობაო დეკორაცია: მთავარ ნაძვის ხეზე განათება, ქუჩებისა და ხიდების განათება“, – განაცხადა ვილნიუსის მერმა, რემიგიუს შიმაშიუსმა.

აქციაში “სიბნელის 60 წუთი” მონაწილეობისკენ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა მოუწოდა.

მან ლიეტუვის მუნიციპალიტეტების ასოციაციას მიმართა, რომ აქცია 21 დეკემბერს, 20:00 საათზე გაიმართოს.

„21 დეკემბერი არის წლის ყველაზე ბნელი დღე. მაგრამ უკრაინაში სიბნელე ოქტომბრის შუა რიცხვებში დადგა, როდესაც რუსეთმა დაიწყო სამოქალაქო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა. ზამთარში 10 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის, სითბოს და წყლის გარეშე იცხოვრებს – მაშინ, როდესაც გარეთ ტემპერატურა -20 გრადუსამდე ეცემა“, – ნათქვამია განცხადებაში.

იგივე მიმართვები იყო გავრცელებული მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც: კანადაში, ახალ ზელანდიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში, ჩეხეთში, ნიდერლანდებსა და იტალიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები