ვაშინგტონი კიევს 2 მილიარდამდე დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გადასცემს, რომელიც, მათ შორის, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა Patriot-ს მოიცავს.
Patriot-ი არის ყველაზე ძლიერი და მოწინავე რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი, რაც კიევს აქამდე მოკავშირეებისგან მიუღია.
სისტემაში სხვადასხვა მოდიფიკაციის რაკეტების დატვირთვა შეიძლება, მათ შორის, ისეთების, რომლებსაც შეუძლიათ 80 კმ-მდე დაშორებით და 20 კმ სიმაღლეზე სამიზნეების განადგურება.
სისტემა შექმნილია ზებგერითი სიჩქარით მფრინავი სამიზნეების გასანადგურებლად და შეუძლია ერთდროულად 125-მდე სამიზნის კონტროლი და მათგან ექვსზე რაკეტის დამიზნება.
კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არა მხოლოდ თვითმფრინავების და ფრთოსანი რაკეტების, არამედ – ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობაა. სწორედ ამ ტიპის რაკეტები უქმნის უკრაინის საჰაერო თავდაცვას ყველაზე მეტ პრობლემას: მათი შეკავება ძალიან რთულია. ასეთი რაკეტა დედამიწის ზედაპირზე კი არ მიფრინავს, არამედ – ბალისტიკური ტრაექტორიის გასწვრივ ზევით და იქიდან, დიდი სიჩქარით, თითქმის ვერტიკალურად უტევს სამიზნეს.
„პატრიოტების“ მწარმოებლის თქმით, უახლეს სისტემას 20 კმ-მდე სიმაღლეზე მფრინავი ბალისტიკური რაკეტების განადგურება შეუძლია.
როგორც BBC-ს უკრაინის რეზერვის გენერალმა, იგორ რომანენკომ განუმარტა, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილედ ყოფნის დროს საჰაერო თავდაცვაზე იყო პასუხისმგებელი, “PATRIOT PAC-3 – უახლესი მოდიფიკაციაა, მას შეუძლია – იმუშაოს “ისკანდერებზე” (ბალისტიკური რაკეტები), “კინჟალზე” (ჰიპერბგერითი საავიაციო რაკეტები), “ცირკონზე” (ჰიპერბგერითი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები). ჩვენთვის გადმოცემული იარაღიდან, ამის მოცემა საუკეთესო გადაწყვეტილებაა”.