ბჟანიას ე.წ. ადმინისტრაციაში სოხუმის აეროპორტის აღდგენის გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ადმინისტრაციაში სოხუმის აეროპორტის ეტაპობრივი განვითარების გენერალური გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.

ამის შესახებ ბჟანიას პრესსამსახური იტყობინება.

პრეზენტაციაზე დე ფაქტო ვიცეპრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ პროექტის განხორციელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას პრეზიდენტი, ასლან ბჟანია აკონტროლებს. ჩვენ გვჭირდება, რომ რეკონსტრუქცია ხარისხიანად და დროულად განხორციელდეს. მადლობა შესრულებული სამუშაოს შემდეგი ეტაპისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ შედეგი დადებითი იქნება“, – განაცხადა გუნბამ.

დეკემბრის დასაწყისში მოსკოვში გამართულ X ფორუმზე “რუსეთსა და აფხაზეთს შორის ბიზნესთანამშრომლობა”, გახდა ცნობილი, რომ აეროპორტის მოდერნიზაციის დასრულება 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება, რათა უკვე 2025 წელს რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ფრენები აღდგეს.

გეგმის მიხედვით, რეკონსტრუქციის შემდეგ, აეროპორტი საათში 400-მდე მგზავრის, ანუ წელიწადში სამი მილიონი მგზავრის მიღებას შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები