„გუშინ, ამერიკელმა სენატორმა ელიზაბედ უორენმა თქვა, რომ კანონზე მაღლა არავინ უნდა იყოს, თვით ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტიც. იგივეს ვიტყვი მეც – არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა, თვით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტიც”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ უკრაინის პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, სამართლებრივი საკითხები სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
“კანონის ფარგლებში რა მოქმედებაც შეიძლება, რა თქმა უნდა, ამას სასამართლო გადაწყვეტს. ეს არის სამართლებრივი საკითხი, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტს. მის ჯანმრთელობაზე ექიმები იმსჯელებენ, ამ საკითხში კი, პოლიტიკოსების ჩარევა ზედმეტია, მიზანშეწონილი არ არის, რადგან პოლიტიკოსთა ჩარევა ამ საკითხს უარყოფითი დინამიკისკენ ამოძრავებს. ზელენსკის განცხადება თუ საქართველოს საზოგადოების მიმართ თხოვნაა, შეიძლება განვიხილოთ, როგორც თხოვნა, მაგრამ ამ თხოვნას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი. თუ ამ საფუძველს სასამართლო იპოვის, გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. საქართველოს კანონმდებლობით, ადამიანის ჰუმანიტარული მიზნებით გადაყვანისთვის საჭიროა, არსებობდეს ისეთი დიაგნოზი, რომელსაც საქართველოში ვერ უმკურნალებენ. შესაბამისად, ვიდრე ასეთი დიაგნოზი დასმული არ იქნება, ვერც ერთი სასამართლო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ადამიანის სამკურნალოდ გადასაყვანად. ამიტომ, პოლიტიკოსების ჩარევა, მათ შორის ევროპარლამენტარების და სხვების, სრულიად უადგილო და ზედმეტია. ეს არის ექიმების გადასაწყვეტი. თუ იქნება ისეთი დიაგნოზი, რომ საქართველოში არ იკურნება, მაშინ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. თუ სასამართლოს არ ექნება საფუძველი, საზღვარგარეთ გაუშვას, მაშინ ვერ გაუშვებს. ამ საკითხზე პოლიტიკური სპეკულაციები უნდა დასრულდეს. არც ერთი ადამიანის პატიმრობაში ყოფნა ან არყოფნა ხელს ვერ შეუშლის ქვეყნის რომელიმე სტრუქტურაში, ამ შემთხვევაში, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ეს არ არის კონკრეტულ ერთ ადამიანზე დამოკიდებული. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ რომელიმე ერთ ადამიანზე იყოს დამოკიდებული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებს.
„გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ერთ-ერთ კლინიკაში, სხვა ევროპულ ქვეყანაში, ამერიკაში. დროა, გადაიდგას ასეთი კეთილი ნაბიჯი”, – განაცხადა ზელენსკიმ.