მიხეილ სარჯველაძე: მოშიმშილეების მიზანი არა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ პოლიტიკური მიზნის მიღწევაა
“მოშიმშილეების მიზანი არა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ პოლიტიკური მიზნის მიღწევაა, რომ სააკაშვილი იმუნიტეტით აღჭურვონ, რათა ის არ იყოს პასუხისმგებლობის სუბიექტი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში მოშიმშილე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებთან დაკავშირებით განაცხადა.
სარჯველაძის თქმითვე, “ნაციონალური მოძრაობის” ავტორიტეტი დღითი დღე კლებულობს.
„როდესაც ისინი საზღვარგარეთ ჰუმანიტარული პრობლემის გამო გაყვანას ითხოვენ, ისინი ითხოვენ არა მკურნალობის ჩატარებას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, არამედ – უცხოეთში გაყვანას. ამიტომ ვითხოვთ ამდენი ხანია, რომ თქვით, რა არის ის საჭირო სამედიცინო პროცედურა, რომელიც ამ კაცს სჭირდება და რომელიც აქ ხელმისაწვდომი არ არის.
რაღაც მომენტში ეს ხალხი უნდა მიხვდეს, რომ შეიძლება ვიღაცას თავს აწონებენ საკუთარ პარტიაშივე, მაგალითად, სააკაშვილს ან რომელიმე სხვა ლიდერს და ამით ერთგვარად პოზიციონირებენ, რომ ვინ უფრო მეტად რადიკალურია, თუმცა რადიკალიზმი შეუპოვრობას არ ნიშნავს. ცდილობენ ამას, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ეს რადიკალიზმი არის ის, რაც არ უნდა საქართველოს ამომრჩეველს და ამის გამოა, რომ დღითი დღე კლებულობს მათი ავტორიტეტი”, – განაცხადა სარჯველაძემ.