კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც წამყვანი ევროპული ქვეყნები კრიზისს განიცდიან, საქართველო ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით წარმატებებს აღწევს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„2 დღის წინ ბუქარესტში ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ოთხმა ქვეყანამ: რუმინეთმა, უნგრეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ახალ პოლიტიკურ, ეკონომიკურ გზას, რომელიც ენერგეტიკასთანაა დაკავშირებული. აბსოლუტურად ნათლად გამოჩნდა ის ფარისევლობა, რომლის მოწმენიც ვართ ევროპაში, მსოფლიო პოლიტიკაში. მაშინ, როდესაც საკითხი ევროკავშირის და ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ეხება, სამხრეთ კავკასიაში არანაირი დაბრკოლება, დემოკრატიული უკუსვლა არ აღინიშნება. ამის მაგალითი ამ ხელშეკრულების ხელმოწერაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის ჩაბრძანება და ის გულღია, გულთბილი მისალმება, რითაც ამ ხელშეკრულების გაფორმებას მიესალმა. ეს, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან „მწვანე ენერგეტიკა“ მსოფლიოს მომავალია, ევროპის ერთადერთი საშველია.
ევროპაში ენერგეტიკული და ეკონომიკური კრიზისია. რეალურად, ეს ყველაზე ნათლად გერმანიაში ჩანს, სადაც დიდი რაოდენობით საწარმოებია გაჩერებულია. პრაქტიკულად, მთელი ევროპის ეკონომიკას აშშ-სკენ აქვს გეზი აღებული, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვან ზარალში აგდებს ევროპას და აშშ-ის შესაძლებლობას აძლევს, თავისი კრიზისი გადაიტანოს. თუმცა, მარტივად არც ეს მოხდება. ფულის მასა, რომელსაც აშშ უკონტროლოდ ბეჭდავს, ინფლაციის დონეს და იმ სირთულეებს განაპიობებს, რომელიც დასავლური სამყაროს ეკონომიკაში, ასევე პოლიტიკაში გაჩნდა. დღეს პირველადაა ჩვენს ისტორიაში, რომ ამას ავცდით, ჩვენ ჩვენი გზა, ხედვა, მიღწევები გვაქვს. იმ ფონზე, როდესაც წამყვანი ევროპული ქვეყნები კრიზისს განიცდიან, საქართველო ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით წარმატებებს აღწევს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ყველაზე რთული ისა, რომ მსოფლიოში ბალანსი ირღვევა. ვხედავთ, რომ რუსეთის იმპერია და მისი შეიარაღებული ძალები ევროპის ერთ-ერთ ყველზე დიდ და ცენტრალურ ქვეყანას, უკრაინას ტკეპნიან. ჩემი აზრით, იქ აპოკალიფსური ამბები ხდება. აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ ერთი ეროვნების ადამიანები ასე უმოწყალოდ ხოცავენ ერთმანეთს. როდესაც ვუსმენთ უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, დანილოვის განცხადებას, რომ რუსეთი მსოფლიო რუკიდან უნდა გაქრეს როგორც სახელმწიფო, როდესაც გვესმის კირიენკოს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადება, რომ უკრაინა მიწასთან უნდა გასწორდეს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ ერებში აპოკალიფსურ მოვლენებს აქვს ადგილი. სხვანაირად ამის ახსნა შეუძლებელია.
დღეს ყველაზე მკაფიოდ საბჭოთა აზროვნება ევროპაში ვლინდება. ეს კავშირები, საბჭოური გავლენები ამ საბჭოური ტვინებიდან გამორეცხილი არ არის. ამის ყველაზე ნათელი მაგალითები ფოტიგები, კუბილიუსები, რინკევიჩიუსები, პოსტსაბჭოთა ქვყენების წარმომადგენლები არიან, რომელთა აზროვნება საბჭოური აზროვნებისგან არაფრით განსხვავდება. ისინი იმ კავშირში დარჩნენ, უბრალოდ ახლა სხვა კავშირი, ევროპის კავშირი ჰქვია, ადრე საბჭოთა კავშირი ერქვა, თუმცა აზროვნება ზუსტად იგივე აქვთ. ის კორუფციული სკანდალი, რომლის მომსწრენი ვართ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ევროპარლამენტში, მეტყველებს იმაზე, რომ ევროპული პოლიტიკური ელიტის დეგრადაცია უმაღლესი ხარისხისაა. ეს პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე წლის წინ არანაკლები სკანდალი იყო. ცნობილი პედრო აგრამუნტი იყო ადამიანი, რომელიც საქართველოში ჩამოდიოდა, ვანო მერაბიშვილს პოლიტპატიმარს უწოდებდა, მის გათავისუფლებას ითხოვდა. როგორც მერე აღმოჩნდა, საქართველოს იუსტიციის მინისტრს მაგიდაზე მუშტებს ურტყამდა და ეუბნებოდა, მერაბიშვილი გამოუშვითო. აღმოჩნდა, რომ ის და მისი პარტიის 28 დეპუტატი ძალინ მძიმე კორუფციულ სკანდალში იყვნენ გარეულები. ისინი ევროპარლამენტიდან იყვნენ გაძევებულები. მაშინ ეს სკანდალი ჩაფარცხდა. დღეს რაც იქ ხდება, ბევრად დიდი მასშტაბისაა, ამ საქმეში ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტია ჩარეული. როგორც გამოძიებიდან ირკვევა, პრაქტიკულად, თითქმის მთლიანად, ევროპარლამენტის მთელი კაბინეტია ჩარეული. როგორც 2 დღის წინ საინფორმაციოებში ცნობები გაჩნდა , იმ ქალმა ჩვენების მიცემა დაიწყო და ბორელის სახელმაც გაიჟღერა. ეს იმ მდგომაროებაში გვაბრუნებს, როდესაც კარგად უნდა დავფიქრდეთ, სად, რატომ, რისთვის, როგორ მივდივართ“, – განაცხადა ხაინდრავამ.
კინორეჟისორმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა და განაცხდა, რომ „ვითომპოლიტიკოსები დღეს ჯოჯოხეთურ ცეკვებს მიცვალებულთა სახელებზე ახორციელებენ.“
„აქ საბჭოური აზროვნების, ყველაზე ნათელი მაგალითია სამადაშვილი, ლაკა ხოშტარია მსგავსი პოლიტიკური „მოღვაწეები“. ხაბეიშვილზე, მელიასა და მამულაშვილზე აღარ ვლაპარაკობ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და-ძმა მამულაშვილები, რომლებიც ქართველი ახალგაზრდებით ვაჭრობენ, ბარიგობენ, როგორც ადრე სტამბოლის ბაზარზე ყიდდნენ, ახლა ლვოვის ბაზარზე ყიდიან იმისთვის, რომ ისინი მერე უკრაინაში იხოცებოდნენ. ამას აბსოლუტურად გაუგებარი, სამარცხვინო მოვლენა მოჰყვა. გვამებზე ცეკვა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მედიასაროსკიპოებისთვისაა დამახასიათებელი. ამაზრზენი პოლიტიკური კამპანია დაიწყო, ვითომ გული შესტკივათ იმ მეომრებზე , რომლებიც უკრაინაში დაიღუპნენ, რატომ არ იყო გამოცხადებული გლოვაო. საერთოდ, ქრისტიანულ ოჯახებში, ცივილიზებულ სამყაროში წესია, სანამ მიცვალებულს ოჯახში არ მიასვენებენ, გლოვა არ ცხადდება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უამრავი ადამიანი დაკარგული იყო. სავარაუდოდ, დაღუპულები იყვნენ, მაგრამ, დღესაც იმ ოჯახებში, სადაც მიცვალებული არ მიუსვენებიათ, მათზე, როგორც ცოცხლებზე, ისე ლაპარაკობენ. ეს სინდისგარეცხილები, უთავმოყვარეოები, ღმერთდავიწყებულები, ცხოვრებისგან დაწყველილები, ვითომპოლიტიკოსები დღეს ამ ჯოჯოხეთურ ცეკვებს მიცვალებულთა სახელებზე ახორციელებენ. ეს სამარცხვინოა, ამას ბოლო უნდა მოეღოს. ნებისმიერი დედა, მშობელი სანამ თავის შვილს მიცვალებულს არ დაინახავს, არასდროს დაიწყებს გლოვას, ყოველთვის იმედი ექნება, რომ იქნებ რაიმე შეეშალათ, იქნებ გადარჩა, იქნებ, ცოცხალია. ის 5 ადამიანი, ვის გარშემოც ეს შაბაში იყო ატეხილი ვითომ პოლიტიკურ ორგანიზაციებში, საროსკიპოებში, დღესაც არ იციან, სად არის, მათ თავს რა ხდება, ცოცხლები არიან თუ არა“, – განაცხადა ხაინდრავამ.