არჩილ თალაკვაძე: ძალიან ვწუხვართ, რომ ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან შიმშილობენ
“ძალიან ვწუხვართ, რომ ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან შიმშილობენ. პირველ ყოვლისა, მათ ჯანმრთელობას ვუსურვებთ. აქვე მიგვაჩნია, რომ ეს არის მათი შიდა პოლიტიკური დაპირისპირებების შედეგი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად “ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე დეპუტატის მიერ დაწყებულ შიმშილობაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, უკეთესი იქნება, თუ დეპუტატები საპარლამენტო ცხოვრებას დაუბრუნდებიან.
“რა თქმა უნდა, ამ შიმშილობას არავითარი გავლენა და არავითარი კავშირიც არ აქვს საქართველოს მთავარ პოლიტიკურ საკითხებთან, მით უმეტეს კი, იმ მნიშვნელოვან თემებთან, რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას აინტერესებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს შიმშილობა რაც შეიძლება მალე დასრულდება. უკეთესი იქნება, თუ ჩვენი კოლეგები დაუბრუნდებიან საპარლამენტო ცხოვრებას, საპარლამენტო მუშაობას“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა: ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. პარლამენტში მოშიმშილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი დეპუტატი, თემურ ჯანაშია 16 დეკემბრიდან შეუერთდა. 18 დეკემბერს, აბდულა ისმაილოვმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა შეწყვიტა.