“საქართველოს გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად გვაქცევს, ისევე როგორც ზღვაზე წვდომის არმქონე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის 8 ქვეყნის კარიბჭედ, რაც უმნიშვნელოვანესი კვანძია ევროკავშირის გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპისადმი ენერგორესურსების მიწოდების კონტექსტში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთში განაცხადა, სადაც პლენარულ სესიაში – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში” მონაწილეობს.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებულმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა უფრო მეტად გამოკვეთა დივერსიფიკაციის და მედეგობის საჭიროება, ენერგოუსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი გამოწვევების მოსაგვარებლად.
მთავრობის მეთაურმა ისტორიული ღონისძიების ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის რუმინეთის მხარეს, პროექტის მხარდაჭერისთვის კი ურსულა ფონ დერ ლაიენს მადლობა გადაუხადა.
„მიხარია, რომ დღევანდელი მნიშვნელოვანი შეკრების გამორჩეულ საზოგადოებას მივმართავ. მადლობა მინდა გადავუხადო რუმინეთის მხარეს ღონისძიების მასპინძლობისა და ორგანიზებისთვის, რომელიც ისტორიული მნიშვნელობის არის. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს მისი მხარდაჭერისთვის ამ პროექტის მიმართ.
არსებულმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა უფრო მეტად გამოკვეთა დივერსიფიკაციის და მედეგობის საჭიროება, ენერგოუსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი გამოწვევების მოსაგვარებლად. საქართველოს გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობა ბუნებრივად გვაქცევს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად, ისევე როგორც ზღვაზე-წვდომის-არმქონე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის 8 ქვეყნის კარიბჭედ; რაც უმნიშვნელოვანესი კვანძია ევროკავშირის გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე, სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპისადმი ენერგორესურსების მიწოდების კონტექსტში.
ამიტომ, უმთავრეს პრიორიტეტად ვაქციეთ დაკავშირებადობა და განსაკუთრებული ხედვა შევიმუშავეთ კავკასიის რეგიონისა და ევროპის დასაკავშირებლად. ენერგიის, ციფრული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და მოდერნიზაციის მიმართულებით აქტიურად ვახორციელებთ ინვესტიციებს. ეს სექტორები შესაბამისობაში მოგვყავს ევროკავშირის ნორმებთან და სტანდარტებთან, ისევე როგორც იმ ვალდებულებებთან, რომლებიც ასოცირების შეთანხმებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით, საერთო საავიაციო სივრცის შესახებ შეთანხმებითა და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების ფარგლებში ვიკისრეთ. ევროპის ძირითადი სატრანსპორტო ქსელის გაფართოება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს გვთავაზობს ისეთი სტრატეგიული პროექტების მხარდაჭერისთვის, რომლებსაც ეროვნული და ფართო რეგიონალურ მნიშვნელობას ფლობს”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.