თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ხუთი ახალი ელექტრომობილი გადაეცა
თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის სტუმრები ათეულობით ჰექტარზე განთავსებული მუზეუმის დათვალიერებას ღია ელექტრომობილებით შეძლებენ.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ხუთი ახალი ელექტრომობილი გადაეცა, ხოლო მუზეუმის დაცვის პოლიციისთვის ახალი მოპედები შეიძინეს.
„გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმისთვის გადაცემული ელექტრომობილების სარგებლიანობის გათვალისწინებითა და დამთვალიერებელთა მოთხოვნიდან გამომდინარე მუზეუმს ახალი სერვისი – ღია ელექტრომობილების ტური დაემატა.
თითოეული ღია ელექტრომობილით შესაძლებელია ექვსი-რვა ადამიანის გადაყვანა.
მუზეუმის სახლი-ექსპონატები ათეულობით ჰექტარზეა განთავსებული და მანძილის გამო ფეხით მოსიარულე სტუმართა დიდი უმრავლესობა მუზეუმის გარკვეული ნაწილის დათვალიერებას ვერ ახერხებდა, ღია ელექტრომობილების საშუალებით კი მუზეუმის დამთვალიერებლები მეტი ექსპონატი სახლის ნახვას შეძლებენ. ელექტრომობილების მარშრუტზე მუზეუმისა და თბილისის განსაკუთრებული ხედები იშლება.
აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილების ტური მოიცავს იმ ბილიკებსაც, რომელიც პირველი მარტიდან, მასშტაბური სანიტარიული ჭრის შედეგად გაიწმინდა. მნახველები წლების განმავლობაში ვერ სარგებლობდნენ ამ ბილიკებით და, შესაბამისად, მუზეუმის მნიშვნელოვანი ნაწილის დათვალიერებას ვერ ახერხებდნენ.
შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ელექტრომობილების მომსახურება მხოლოდ მშრალ ამინდში იქნება შესაძლებელი, გაზაფხულიდან კი ამგვარი ტურები უფრო ინტენსიური გახდება“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.