საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების დაცვის შესახებ ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში ,,მინისტრის საათის,, ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.
„ყველას კარგად მოგეხსენებათ რუსეთის წინააღმდეგ მოპოვებული დიდი გამარჯვებები როგორც დეპორტირებულების საქმეზე, ისე – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე. თუმცა, აქვე მინდა, კიდევ გაგახაროთ და კარგი სიახლეები გამცნოთ, რომ ჩვენ პირველად მოგვიწია 2008 წლის ომის დროს დაზარალებული პირების საერთო ბაზის შექმნამ, რომელთა მონაცემებიც კომპენსაციის მიღების მიზნით იანვარში წარედგინა სტრასბურგის სასამართლოს (ჯამში, 35 000-მდე დაზარალებული). ასევე, მყარი სამართლებრივი პოზიციები და მტკიცებულებები წარვადგინეთ განგრძობადი ოკუპაციის მიმდინარე დავაზე, რომელიც სხვებს შორის მოიცავს ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და ბაშარულის საქმეებს. მიმდინარე წელს საქართველომ საბოლოოდ მოიგო მის წინააღმდეგ რუსეთის ორკესტრირებით აგვისტოს ომის თაობაზე შეტანილი ყველა საჩივარი. ვფიქრობ, ყოვლისმთქმელია რიცხვები – საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი იყო 3 300-მდე საჩივარი და ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა საქმე, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველო მართალი არის ყველა დავაში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ ეს არის სხვადასხვა საჯარო უწყებაში დასაქმებული კეთილსინდისიერი საჯარო მოხელის დამსახურება და ამისთვის, ვფიქრობ, მათ ეკუთვნით ძალიან დიდი მადლობა. წარმატებული იყო ჰააგის მიმართულებაც და წელს პირველად გამოიცა დაკავების ორდერები 3 პირზე, რომლებმაც 2008 წელს ომის დანაშაულები ჩაიდინეს საქართველოს მოსახლეობის მიმართ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.