ლევან ხაბეიშვილი: ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ერთპარტიული პარლამენტი, მზად ვართ ნებისმიერი მოქმედებისთვის

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ოპოზიციამ უნდა უზრუნველყოს ერთპარტიული პარლამენტი, რის მისაღწევადაც ის თავის კოლეგებთან ერთად ნებისმიერი ქმედებისთვის მზადაა.

ხაბეიშვილის თქმით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, შეწყვიტოს საპარლამენტო მუშაობაც.

„ხედავთ, რომ საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად შიმშილობენ ჩემი კოლეგები. ვცდილობდი, გუშინ განსაკუთრებით ანი წითლიძის დარწმუნებას, ეს არ გაეკეთებინა, თუმცა, მნიშვნელოვანია მოქმედება, მოძრაობა და მობილიზება. ჩემს კოლეგებთან ერთად მზად ვარ ნებისმიერი მოქმედებისთვის, რაც იქნება წარმოდგენილი პარტიის თავმჯდომარის მხრიდან.

მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით შემიძლია, თამამად გითხრათ, რომ ამისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, თუმცა, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ პარლამენტი თუ არ დარჩება ერთპარტიული, ეს იქნება ერთჯერადი პროტესტი, თუ დარჩება ერთპარტიული, ამას ექნება დიდი მნიშვნელობა. ვიმუშავებთ თუ არა კოლეგებთან ამ საკითხებზე? შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ კი, ვიმუშავებთ, რათა პარლამენტი გახდეს ერთპარტიული, თან რაც შეიძლება სწრაფად. ამას გავაკეთებთ მიშა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და იმისთვის, რომ რუს ოლიგარქს ვებრძოლოთ ქმედითად. ორი და სამი დეპუტატის პარლამენტიდან გასვლამ არანაირი პრობლემა არ შეუქმნა „ქართულ ოცნებას“. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ერთპარტიული პარლამენტი. ამისთვის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის. ვაპირებთ კონსულტაციებს და საუბარს ჩვენს კოლეგებთან“, – თქვა ხაბეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები