თეა წულუკიანმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა – თეა წულუკიანმა, მინისტრის პირველმა მოადგილე კახა სიხარულიძემ და მინისტრის მოადგილეებმა – იოსებ ბაღათურიამ და ირაკლი გივიაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ახალდანიშნულ ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს და მასთან კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე სამინისტროსა და ევროკავშირს შორის სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. მხარეებმა დადებითად შეაფასეს კულტურული თანამშრომლობა, თუმცა, აღინიშნა ორმხრივად ხელშესახები შედეგების მისაღწევად გააქტიურების მნიშვნელობა და ერთობლივი ახალი პროექტების განხორციელების აუცილებლობა. საუბარი შეეხო მომავალ წელს ევროკავშირის ტერიტორიაზე გასამართ მნიშვნელოვან ღონისძიებებსაც (ევროპალია, ფიროსმანის გამოფენა კოპენჰაგენში და სხვ.), რომლებიც ემსახურება ქართული კულტურის პოპულარიზაციას.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ისაუბრეს სპორტის სფეროში ერთობლივად განხორციელებული აქტივობების (ევროპის სპორტის კვირეული, Integrisport Next-ი და სხვ.) შესახებ.

თეა წულუკიანმა ახალგაზრდობის მიმართულებით ჩატარებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პაველ ჰერჩინსკის. ისაუბრა ევროკავშირთან თანამშრომლობით განხორციელებული ერთობლივი პროგრამების/პროექტების მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო ახალგაზრდულ ბანაკებსაც. აღინიშნა, რომ ეს ფორმატი ახალგაზრდების შემეცნებით, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში ჩართვის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. განსაკუთრებით გამოიყო ორი პროგრამა: ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი და კახეთში უკრაინელ მოზარდთათვის გახსნილი ახალგაზრდული ბანაკი. მინისტრმა აღნიშნა, რომ შემუშავდა ახალგაზრდობის სტრატეგია და 2023 წლის სამოქმედო გეგმა, რომელსაც უახლოეს დღეებში დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ელჩმა დადებითად შეაფასა ახალგაზრდობის სფეროში სამინისტროს ძალისხმევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები