ხატია დეკანოიძე – თანაპარტიელების შიმშილობაზე: ნებისმიერი ფორმით ჯანმრთელობის დაზიანების წინააღმდეგი ვარ

“ნაციონალური მოძრაობაში” პარტიის წევრების მიერ შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილებას არ იზიარებენ. “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ნებისმიერი ფორმით ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანების წინააღმდეგია.

“მე ვიყავი კატეგორიული წინააღმდეგი ჯერ კიდევ გუშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი შიმშილობდა, ეს იდეა ჩემს მეგობრებს ჰქონდათ. დღეს მათ მიიღეს ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება. ფრაქციაში მეც და რამდენიმე ადამიანი ვიყავით წინააღმდეგი იმიტომ, რომ ჯანმრთელობის დაზიანების ნებისმიერი მიმდინარეობისას მე ვარ წინააღმდეგი. ჩემი მეგობრები არიან, განსაკუთრებით ვნერვიულობ ანიზე. ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, თავგანწირვა ასე გამოხატონ. ვფიქრობ, რომ ყველას, სადაც და როგორც შეუძლია, იქ უნდა გამოხატოს პროტესტი. ნამდვილად არ მგონია, რომ “ქართული ოცნება” შეიგნებს იმას, თუ რამდენად მძიმედ მიდის ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები,” – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

“ნაციონალური მოძრაობის” სამმა წევრმა – დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში შიმშილობა დაიწყო. მათი ერთადერთი მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა. დეპუტატები პარლამენტის შენობაში დარჩენას აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები