თეა ახვლედიანი: საქართველოსგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების იზოლაციის შემდგომი გაძლიერება, პირდაპირ მიმართულია საოკუპაციო ხაზით გაყოფილ ადამიანებს შორის ურთიერთობების, ნდობის აღდგენისა და შერიგების წინააღმდე
2022 წელი განსაკუთრებით იყო დატვირთული ახალი გამოწვევებით, რაც უკავშირდება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიასა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვნად შეცვლილ გარემოს.სამწუხაროდ, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლისა და სახელმწიფოთა სუვერენიტეტის ხელყოფის რუსეთის უკანონო პოლიტიკა, საქართველოსთვის, კარგად ნაცნობია, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახლედიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.
„ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებით, კონფლიქტის შედეგად უშუალოდ დაზარალებულ მოსახლეობას, ყოველდღიურად უწევს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე ოკუპაციის უმძიმეს შედეგებთან გამკლავება, როგორც უსაფრთხოების და ჰუმანიტარული გამოწვევების, ასევე ადამიანის უფლებების რეალიზების კუთხით.
იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე კვირის წინ, მინისტრის საათის ფორმატში, საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმოადგინა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის დეოკუპაციის განზომილება, ხოლო, უსაფრთხოების განზომილება განხილული იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიური ანგარიშის ფარგლებში, დღეს, თქვენ წინაშე, უწყების კომპეტენციიდან გამომდინარე, მე ყურადღებას გავამახვილებ ოკუპირებულ რეგიონებში იმ განვითარებებზე, გამოწვევებსა და სირთულეებზე, რომლებიც მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნის საქართველოს მთავრობის სტატუს-ნეიტრალური და ადამიანზე ორიენტირებული ძალისხმევის ეფექტიანად განხორციელებას ჩართულობის და შერიგების სახელმწიფო პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში.
მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე ოკუპაციის შედეგად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უმძიმეს პოლიტიკურ და უსაფრთხოების გამოწვევებთან ერთად, ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გააქტიურდა რიგი უკანონო გადაწყვეტილებების მიღებისა და ე.წ. დოკუმენტების გაფორმების პროცესი, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს ორივე რეგიონის რუსეთის სამართლებრივ, პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის გაღრმავებას.
აღნიშნული უკანონო პოლიტიკის ერთ-ერთი მიზანია დანარჩენი საქართველოსგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების იზოლაციის შემდგომი გაძლიერება, რაც, ამასთან, პირდაპირ მიმართულია საოკუპაციო ხაზით გაყოფილ ადამიანებს შორის ურთიერთობების, ნდობის აღდგენისა და შერიგების წინააღმდეგ. სწორედ ამ კონტექსტშია განსახილველი უკანასკნელ პერიოდში გადადგმული მიზანმიმართული ნაბიჯები თუ გაკეთებული განცხადებები კონფლიქტის შედეგად გაყოფილ მოსახლეობას შორის აქტიურად მიმდინარე ნდობის აღდგენის პროცესის შესაფერხებლად, რაც, მათ შორის, ხორციელდება აფხაზეთში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის საქმიანობაზე კონტროლის გამკაცრებისა და შეზღუდვების დაწესების გზით. საერთაშორისო ორგანიზაციების ოპერირების კუთხით, კვლავ მიუწვდომელია ცხინვალის რეგიონი და მნიშვნელოვნად იზღუდება სამშვიდობო ინიციატივებში ადგილობრივი მაცხოვრებლების ჩართვის შესაძლებლობები.
ზემოხსენებულ შეზღუდვებთან ერთად, შერიგების პროცესის წინააღმდეგ არის მიმართული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გააქტიურებული დეზინფორმაციული კამპანიები და ანტიქართული პროპაგანდა, რაც ემსახურება საქართველოს მტრის ხატად წარმოჩენას, შიშისა და უნდობლობის გაღვივებას და კონფლიქტის ნიადაგზე შექმნილი ნეგატიური სტერეოტიპების შენარჩუნებას“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, გრძელდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის რუსიფიკაციის და ასიმილაციის პოლიტიკა – ადგილზე, ქართული კვალის წაშლის მცდელობასთან ერთად, აფხაზური და ოსური ენა, ეთნიკური და კულტურული იდენტობა არასდროს ყოფილა ასე ახლოს გაქრობის საფრთხის წინაშე, როგორც ახლა.
„აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ყოველდღიურად განიცდიან ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას და ისეთი ფუნდამენტური უფლებების უხეშ ხელყოფას, როგორიც არის ადამიანური უსაფრთხოების, თავისუფალი გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, ხარისხიან ჯანდაცვასა და განათლებაზე წვდომის, საკუთრების და სხვა სოციალური და ეკონომიკური უფლებები. ამ კუთხით, ვითარება განსაკუთრებით მძიმე რჩება გალისა და ახალგორის რაიონებში.
მოგეხსენებათ, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების აკრძალვამ ცხინვალის რეგიონი ჰუმანიტარულ კრიზისამდე მიიყვანა და არაერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში. საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობის ძალისხმევის შედეგად, ახალგორის რაიონის მიმართულებით დაწესებული უკანონო შეზღუდვების ნაწილობრივმა მოხსნამ გარკვეულწილად შეამსუბუქა ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობა, თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება შეუფერხებელი მიმოსვლის სრული აღდგენა.
მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, ასევე, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება და პატიმრობაში დატოვება. ამასთან, კვლავ დაუსჯელნი რჩებიან საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში მონაწილე პირები, რაც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუსჯელობის სინდრომს აღვივებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის კონტექსტში, მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის უპრეცედენტო გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომელიც რუსეთს, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.