ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრესის მუზეუმი გაიხსნა

15 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, პირველად საქართველოში, გაიხსნა პრესის მუზეუმი. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძე და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მუზეუმი შეიქმნა ეროვნული ბიბლიოთეკის საქართველოს ეროვნული ბიბლიოგრაფიის საარქივო ფონდის განყოფილების ბაზაზე. ამ გადაწყვეტილების მიზანია, ფართო საზოგადოებამ გაიცნოს ქართული ჟურნალისტიკისა და პუბლიცისტიკის განვითარების ეტაპები, რის შედეგადაც საქართველოში შეიქმნა პრესა, როგორც უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობა და ჩვენი ქვეყნის ისტორიის განუყოფელი ნაწილი. საქართველოს პრესის მუზეუმში პირველად იყრის თავს როგორც XIX, ისე XX საუკუნის პერიოდულ გამოცემათა ნიმუშები, რომლებიც ქრონოლოგიურად არის განლაგებული და მნახველს არა მხოლოდ პერიოდიკის, არამედ ეპოქის შესახებაც უქმნის წარმოდგენას.

დამთვალიერებელი მუზეუმში ნახავს ივანე კერესელიძის, გიორგი ერისთავის, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, სერგეი მესხისა და სხვათა გამოცემებს, ჟურნალებს: „ცისკარს”, „საქართველოს მოამბეს”; გაზეთებს: „ივერიას”, „დროებას”, „ცნობის ფურცელს”, „კვალს”, „გუთნის-დედას” და სხვ. მუზეუმის ექსპონატთა შორის არის პირველი რესპუბლიკის პერიოდისა და საბჭოთა ეპოქის მნიშვნელოვანი გამოცემებიც. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია, როგორც ვიზუალურად, ისე შინაარსობრივად გამორჩეული ეგზემპლარები. მუზეუმში პერიოდული გამოცემების შენახვისა და მოვლისთვის აუცილებელი ყველა პირობაა შექმნილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები