დენის შმიგალი: უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის სწრაფად აღდგენისთვის მილიარდი დოლარი სჭირდება
უკრაინას მილიარდი დოლარი სჭირდება კრიტიკული ინფრასტრუქტურის სწრაფად აღსადგენად, რათა ზამთარი გადაიტანოს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
მისი თქმით, ომის შემდეგ უკრაინის აღდგენის გეგმა სამი ეტაპისგან შედგება, თუმცა, ახლა მთავარი პრიორიტეტი კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სექტორის აღდგენაა.
„რუსეთის ბოლო თავდასხმებმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნახევარი დააზიანა და ელექტრო ქსელის დესტაბილიზაცია გამოიწვია. ქვეყანაში ელექტროენერგიის გეგმიური და არაგეგმიური გათიშვა უკრაინის ეკონომიკის და სოციალური ცხოვრების ყველა სექტორს შეეხო. ენერგეტიკული ინდუსტრიისთვის გადაუდებელი დახმარების სავარაუდო ღირებულება 500 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული. მსოფლიო ბანკისა და უკრაინის მთავრობის წინასწარი განახლებული შეფასებით, უკრაინის სრული აღდგენისთვის 500-600 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო“, – განაცხადა შმიგალმა.