“საქართველოში ბევრი გონიერი ადამიანია, რომელიც ესკალაციას არ დაუშვებს” – ალექსანდრე ანქვაბი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმინისტრი, ალექსანდრე ანქვაბი აცხადებს, რომ “საქართველოში ბევრი გონიერი ადამიანია”, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან ვითარებას ესკალაციას არ დაუშვებს.

მისი თქმით, სოხუმი ყურადღებით აკვირდება “თბილისში მიმდინარე მოვლენებს” და ამჟამად არანირი ქმედება არ შეინიშნება, რომელიც შესაძლოა, მსგავს რამეზე მიანიშნებდეს.

​მეტიც, როგორც ანქვაბი ამბობს, სოხუმი შთაგონებულია იმით, რომ “საქართველოს დასასვენებლად” ბერი რუსი ტურისტი სტუმრობს, რაც მათთვის მეტი სანდოობის ნიშანი და “მნიშვნელოვანი ფაქტორია”.

ამის შესახებ მან “რია ნოვოსტი”-სთან ინტერვიუში თქვა.

„ჩვენ ყოველთვის გვაქვს დაძაბული გარემო. ვფიქრობ, საქართველოში ბევრი გონიერი ადამიანია, რომელიც ესკალაციას არ დაუშვებს. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ იქ მიმდინარე პროცესებს სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე და არ არის ისეთი ქმედებები, რომლებიც ჩვენს შეშფოთებას შეიძლება, იწვევდეს, მაგრამ სიფხიზლეს არასდროს ვკარგავთ არცერთ სიტუაციაში, მით უმეტეს, დღევანდელში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბევრი ინფორმაცია იყო იმის შესახებ, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, განსაკუთრებით, პოლონეთიდან, მრავალი ჩადიოდა და ცდილობდნენ მეორე ფრონტის გახსნის შთაგონებას. მაგრამ, მადლობა ღმერთს, ეს ჯერ არ ხდება. პირიქით, ჩვენ შთაგონებულნი ვართ იმით, რომ მიმდინარე და გასულ წლებში საქართველოს რუსეთიდან ტურისტების დიდი რაოდენობა ეწვია. ეს ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია. მე არ ვსაუბრობ მათზე, ვინც სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ გადაწყვიტა იქ მიმალვა, მე ვსაუბრობ ტურისტებზე, რომლებიც მიზანმიმართულად საქართველოში დასასვენებლად ჩადიან”, – თქვა ანქვაბმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები