გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატან ცვლილებზე იმსჯელეს.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტი განსახილველად ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა და აღნიშნა, რომ ცვლილებებით ხდება ეკონომიკური პარამეტრების დაზუსტება.

„2022 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ნაცვლად 8,5%-ისა, განისაზღვრა 10%-ის ოდენობით. დაზუსტდა მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი, რომელიც 10,5%-დან ჩამოვიდა 9,5%-მდე. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი განისაზღვრა 72,3 მლრდ. ლარის ოდენობით. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გაიზარდა 526,0 მლნ ლარით მათ შორის, 492 მლნ. ლარამდე მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში ხოლო, 43 მლნ. ლარი კი მუნიციპალურ ბიუჯეტებში. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი იზრდება 596,7 მლნ ლარით”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

როგორც მთავრობის წარმომადგენელმა განმარტა, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 507.4 მლნ ლარით. მათ შორის, 330 მლნ. ლარით იზრდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები, საიდანაც 230 მლნ ლარი. მოსახლეობის ბუნებრივი აირით შეუფერხებლად მომარაგებას მოხმარდება ხოლო, გაზიფიცირების სამუშაოებისთვის დამატებით გამოიყოფა 100,0 მლნ ლარი. 95 მლნ ლარით იზრდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები, საიდანაც 55 მლნ ლარი იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამაზე მიიმართება, ხოლო 40 მლნ ლარი კი, მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დასაფინანსებლად გამოიყოფა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 70,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 470,8 მლნ ლარით.
ასიგნებების ზრდა დაკავშირებულია ტურიზმის მხარდასაჭერად. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დამატებით გამოეყოფა 2,4 მლნ ლარი, რაც დაკავშირებულია მოსამსახურეთა საწვრთნელი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ხარჯების დაფინანსებასთან (მშენებლობა დაწყებულია და დასრულდება მომდევნო წელს).
რიგი მუნიციპალიტეტების შემოსავლებში არსებული დეფიციტის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული სპეციალური ტრანსფერი იზრდება 10,0 მლნ ლარით.

„სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, ის რომ წლის ბოლოს ჩვენ გვაქვს საშუალება, ბიუჯეტში ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით შევიტანოთ ცვლილებები, რომელიც მოსახლეობის როგორც სოციალური მდგომარეობის ისე, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, რაც წინაპირობაა იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება იყოს შეუქცევადი”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.
კომიტეტების წევრებმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები