Politico-მ ზელენსკი ევროპაში ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა, პუტინი კი “წლის ყველაზე წარუმატებელი” გახდა
გამოცემა Politico-მ ევროპის 28 ყველაზე გავლენიანი ადამიანის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც პირველი ადგილი ერგო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, მისმა რუსმა კოლეგამ, ვლადიმერ პუტინმა კი “წლის ყველაზე წარუმატებელი” ადამიანის ტიტული მიიღო.
„უბრალოდ, შეხედეთ, როგორ გარბიან ევროპელი ლიდერები კიევში, რომ გადაიღონ ფოტო 44 წლის მომწვანო მაისურში გამოწყობილ მამაკაცთან. მისი გვერდით დგომისას პოლიტიკოსებს სურთ, იყვნენ შემჩნეულნი. ზელენსკიმ დაარწმუნა ევროპა, რომ მისი მომავალი უკრაინას უკავშირდება, რისიც ცოტას სჯეროდა რუსეთის შეჭრამდე“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
რეიტინგში სულ 28 პოლიტიკოსი მოხვდა. მათ შორის არიან იტალიის პრემიერმინისტრი – ჯორჯია მელონი; გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, რობერტ ჰაბეკი; ფინეთის პრემიერმინისტრი, სანა მარინი და სხვები.
რეიტინგში ვლადიმერ პუტინიც მოხვდა, ოღონდ – „წლის ყველაზე წარუმატებელი“ ადამიანის როლში. როგორც გამოცემა აღნიშნავს, “დიდ რუსეთზე” მისი ოცნება ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასრულდეს.
Politico-სთვის ჩაწერილ სამადლობელ ვიდეოში ზელენსკიმ მადლობა უკრაინის მოქალაქეებს გადაუხადა, რომლებიც იბრძვიან თავიანთი თავისუფლებისთვის, ასევე, მადლობა გადაუხადა „ყველა ჩვენს მეგობარს ევროპაში, რომლებიც გვეხმარებიან სტაბილურობის შენარჩუნებაში“.
„მჯერა, რომ უკრაინელები მომავალ წელსაც ყველაზე გავლენიანები იქნებიან, მაგრამ უკვე მშვიდობიან პერიოდში“, – განაცხადა ზელენსკიმ.