სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის – „წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია სულავას განცხადებით, გრიგოლ ფერაძის ღვაწლი განსაკუთრებულია პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობებში, ეკლესიისა და ქართული კულტურის წინაშე, ასევე, ეროვნული საგანძურის შენახვისა და გადარჩენის საქმეში.
,,ძალიან მნიშვნელოვანია მეხსიერება და არა მხოლოდ გრიგოლ ფერაძის, არამედ მილიონობით ადამიანის ამ თავგანწირვის გახსენება, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში მომხდარ უდიდეს ტრაგედიას ემსხვერპლა. გრიგოლ ფერაძე იყო ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც ეს წყვდიადი საკუთარი საქციელითა და მოწამეობრივი თავგანწირვით გაანათა“, – განაცხადა ნათია სულავამ.