ლატვიამ ტელეკომპანია Дождь-ს მაუწყებლობის ლიცენზია ჩამოართვა

ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP), სპეციალურ სხდომაზე, ტელეარხის Дождь-ს ლატვიური ლიცენზია გააუქმა.

როგორც NEPLP-ის ხელმძღვანელმა, ივარს აბოლინსმა განაცხადა, გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის გათვალისწინებით არის მიღებული.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია ბოლო დროს დაფიქსირებული დარღვევების ერთობლიობის შეფასების შემდეგ.

კერძოდ, სახელმწიფო ენაზე გახმოვანების არარსებობა; რუკაზე ყირიმის გამოსახულება, როგორც რუსეთის ტერიტორიის ნაწილი; ტელეწამყვანის მიერ რუსული არმიის მოხსენიება, როგორც “ჩვენი არმია“, რაც რუსეთის არმიის მხარდაჭერის, შესაძლო გამოხატულება იყოს. გარდა ამისა, შეფასდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია, რომლის შინაარსი აბოლინსმა არ გააჟღერა.

„დარღვევების მთლიანობის შეფასებიდან გამომდინარე, ჩვენ ვასკვნით, რომ Дождь-ის ხელმძღვანელობა ვერ აცნობიერებს დარღვევების მნიშვნელობას და სერიოზულობას და, შესაბამისად, ლატვიის ტერიტორიაზე მოქმედებას ვერ გააგრძელებს“, – განაცხადა NEPLP-ის ხელმძღვანელმა.

გადაწყვეტილება ძალაში 8 დეკემბერს შევა და Дождь-ი ლატვიაში მაუწყებლობას შეწყვეტს.

Дождь-ის ირგვლივ სკანდალი 1-ელ დეკემბერს აგორდა, როდესაც გადაცემაში “აქ და ახლა” წამყვანმა, ალექსეი კოროსტელევმა თქვა ფრაზა: “გამოგვიგზავნეთ შეტყობინებები army@tvrain.tv-ზე ან მოგვწერეთ ტელეგრამში. ვიმედოვნებთ, რომ შევძელით ბევრი სამხედროს დახმარება, მაგალითად, აღჭურვილობით ან, უბრალოდ, ფრონტზე კეთილმოწყობით”.

Дождь-მა წამყვანთან შრომითი ხელშეკრულება გაწყვიტა.

როგორც Дождь-ის მთავარმა რედაქტორმა, ტიხონ ძიადკომ განაცხადა, ეს ფრაზა მაყურებელს უქმნის განცდას, რომ ტელეარხი რუსეთის ჯარს დახმარებას უწევს, „ამ მხრივ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს შემდეგი: ტელეარხი Дождь-ი არ ყოფილა, არ არის და არ იქნება დაკავებული რუსული არმიის აღჭურვით – ფრონტზე თუ მის ფარგლებს გარეთ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები