აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მიწის კანონმდებლობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებაზე იმსჯელა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მოქალაქე ზვიად ტომარაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებაზე – „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” იმსჯელა.

პარლამენტის ინფორმაციით, საკანონმდებლო წინადადების თანახმად, კანონპროექტის მიღების მიზეზია კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების მოწესრიგება და სახნავი მიწების და სხვა ბუნებრივი სავარგულების ერთიან მასივში სასოფლო-სამეურნეო მიწების დანიშნულების უსისტემო ცვლილებების შეზღუდვა.

წინადადების ავტორების განცხადებით, ცვლილების გათვალისწინების შემთხვევაში, მოწესრიგდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უსისტემოდ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაყვანა და კიდევ უფრო დანაწევრება. როგორც საკითხზე მომხსენებელმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გელა სამხარაულმა განაცხადა, მოქმედ კანონში არის სხვა საკითხები, რომლებიც დახვეწას საჭიროებენ.

მისივე თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამ მიმართულებით უკვე მუშაობენ და კარგი იქნება თუკი საკანონმდებლო წინადადების ავტორებიც მიიღებენ ამ პროცესში მონაწილეობას, რათა კანონმდებლობაში ცვლილებები საბოლოოდ კომპლექსურად განხორციელდეს. საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ.
მისი თქმით, სამინისტროში სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის დახვეწაზე მუშაობს და საკანონმდებლო წინადადების ავტორები მიიწვიეს ამ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად. შეთანხმდნენ, რომ პრობლემის გადაჭრა კომპლექსურ მიდგომას და სხვა უწყებების ჩართულობასაც საჭიროებს, შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი საკითხებიც იმ კანონპროექტის ფარგლებში განიხილება, რომელზეც სამინისტროში უკვე დაწყებულია მუშაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები