აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივ ლიდერთა ფორუმზე ნინო რუხაძემ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე გაამახვილა ყურადღება

ბრიუსელში დღეს გამართულ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი ლიდერების მე-4 ფორუმზე, რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინის მუნიციპალიტეტებსა და რეგიონში არსებული მდგომარეობაც შეაფასეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმზე თბილისის საკრებულოს წევრი და ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) ვიცე-პრეზიდენტი ნინო რუხაძე სიტყვით გამოვიდა. ნინო რუხაძემ თავის გამოსვლაში უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა. მან მადლობა გადაუხადა ფორუმის ორგანიზატორებს და ევროკავშირს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერისთვის.

„მინდა ქედი მოვიხარო უკრაინელი ხალხის წინაშე. ვფიქრობ, უკრაინის შემთხვევამ ნათლად დაგვანახა, თუ რა დიდი ძალაა ღირებულებების, კეთილშობილური მიზნებისა და სამართლიანობისთვის ბრძოლისთვის ერთიანობა. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ამ ღონისძიების ორგანიზატორებს. ფასდაუდებელია თქვენი მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისადმი. რა თქმა უნდა, ჩემი დიდი მადლობა ეკუთვნის ლატვიის და ლიტვის ადგილობრივ თვითმმართველობის ასოციაციას.
აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმამ (EaP) ნამდვილად ითამაშა პოზიტიური როლი აღმოსავლეთ პარტნიორების პოლიტიკური ასოცირებისა და ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის. ჩვენ გვესმის, რომ გეოპოლიტიკური ლანდშაფტი ევროპაში მკვეთრად შეიცვალა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და ეს ახალი ლანდშაფტი კარნახობს ახალ მოთხოვნებს და ყველა არსებული თანამშრომლობის ფორმატებს. რა არის ეს ახალი მოთხოვნები? ახალი მოთხოვნაა, რომ ევროკავშირმა მოიპოვოს უფრო მყარი დასაყრდენი სამეზობლოში და ასევე დააჩქაროს აღმოსავლელი პარტნიორების – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესი. საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ – ასოცირებულმა სამეულმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთეს. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის, ხოლო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებაა,“- განაცხადა ნინო რუხაძემ.

თბილისის საკრებულოს წევრმა და ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) ვიცე-პრეზიდენტმა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ადგილობრივი ხელისუფლების როლზე და მის ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩნდება კითხვა, შესაძლებელია თუ არა ხარისხიანი ინტეგრაციის მიღწევა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის გარეშე? შეიძლება თუ არა ღრმა ინტეგრაციის მიღწევა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ჩართულობის გარეშე, მუნიციპალიტეტის გარეშე, ხალხთა შორის კონტაქტის გარეშე? ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი წარმოუდგენელია ადგილობრივი თვითმმართველობების, მუნიციპალიტეტებს შორის მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გარეშე. რა თქმა უნდა, ევროპულ ასპარეზზე მუნიციპალიტეტების ასეთი გააქტიურება მოითხოვს ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერებას ეფექტური დეცენტრალიზაციის ძალისხმევით,“- განაცხადა ნინო რუხაძემ.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ლევან ჟორჟოლიანმა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ. ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარე ფორუმში, ევროპის ქალაქების და მუნიციპალიტეტების მერები, ასევე, ევროკომისიის, ევროპის საბჭოს, ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს, ევროპის ადგილობრივი ხელისუფლების საკონსულტაციო პლატფორმის (PLATFORMA) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები