„შრომით ურთიერთობებში გარემო შევიწროებისგან, ძალადობისგან თავისუფალი უნდა იყოს, „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ 190-ე კონვენციის რატიფიცირება მნიშვნელოვანია“ – რაისა ლიპარტელიანი

„საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ თავმჯდომარის მოადგილის, რაისა ლიპარტელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ მიერ მიღებული, „სამუშაო ადგილზე ძალადობისა და შევიწროების აღმოფხვრის შესახებ“ 190–ე კონვენციის რატიფიცირება მოხდეს. ამის შესახებ ლიპარტელიანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, შრომის სფერო ძალადობისგან დაცული არაა. ლიპარტელიანის განმარტებით, აღნიშნული კონვენცია სამუშაო ადგილებზე ძალადობასა და შევიწროებას კრძალავს.

„საკითხი ,რომელსაც ვაჟღერებთ, „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ 190-ე კონვენციის რატიფიცირებას ეხება. ის სამუშაო ადგილებზე ძალადობასა და შევიწროებას კრძალავს. „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება“ უკვე მესამე წელია, სახელმწიფოსგან მის რატიფიცირებას ითხოვს. ეს არის ახალი კონვენცია რომელიც „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ“ მისი დაფუძნებიდან 100 წლის თავზე, 2019 წელს მიიღო და რატომ არის ეს განსაკუთრებით საქართველოსთვის მნიშვნელოვანი: ვიცით, რომ ქალთა მიმართ ძალადობა ქვეყანაში მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამჟამად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16- დღიანი კამპანია მიმდინარეობს. ძალადობისგან დაცული არც შრომის სფეროა. სამწუხაროდ, ყოველდღიურ ცხოვრებაში, შრომით ურთიერთობებში ძალადობის და შევიწროების შემთხვევებს ვხვდებით. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კონვენცია მნიშვნელოვანი გარანტია იმისა, რომ ამგვარი ფაქტების პრევენცია ან შემცირება მოხდეს.

ეს კონვენცია ნებისმიერი ძალადობისა და შევიწროების წინააღმდეგ ნულოვან ტოლერანტობას აცხადებს. ის ძალადობასა და შევიწროებას შორის ტოლობის ნიშანს სვამს. ყველა ძალადობა შევიწროებაა და პირიქით, იმისდა მიუხედავად, იქნება ეს სექსუალური შევიწროება თუ, ზოგადად, შრომით ურთიერთობებში შევიწროება. ასევე, მნიშვნელოვანია კონვენციის სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ის ყველა დასაქმებულს ფარავს. ხშირად, როდესაც დასაქმებულებზე ვსაუბრობთ, კანონმდებლობის მიღმა არაფორმალურ სფეროში დასაქმებული ადამიანები გვრჩება. ჩვენთან, სხვადასხვა სტატისტიკით, სამწუხაროდ, არაფორმალურ სფეროში დასაქმებული ადამიანების რიცხვი 48 %-ს აღწევს. თითქოს, კანონმდებლობა უმჯობესდება, რაღაც მექანიზმები შემოდის, მაგრამ დასაქმებულთა 48 % ყველა ბაზისური სტანდარტის მიღმა რჩება, რაც საგანგაშო მაჩვენებელია. კონვენცია ამბობს, რომ სახელმწიფომ შევიწროებისგან თავისუფალი, თანასწორი გარემო ასევე არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვისაც უნდა უზრუნველყოს. ასევე, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც სამუშაო ადგილზეა, ის შეიძლება, იყოს სტაჟიორი, პრაქტიკანტი, პერსონალი, რომელიც მომსახურებას მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გასწევს და ა.შ.

კონვენციის სტანდარტის მიხედვით, კიდევ რა არის მნიშვნელოვანი: ის აქცენტს არა მხოლოდ ფიზიკურ შევიწროებაზე, სექსუალურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობაზე აკეთებს, არამედ ეკონომიკურ ზიანზეც. ვიცით, რომ საქართველოში ფემიციდის საშინელი, საგანგაშო სტატისტიკა გვაქვს. რეალურად, ქალები მოძალადეს თავს სწორედ ეკონომიკური დამოკიდებულებების გამო ვერ აღწევენ. ეკონომიკური დამოკიდებულებისგან გათავისუფლების და ქალების ეკონომიკური გაძლიერების საუკეთესო საშუალება დასაქმებაა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ შრომით ურთიერთობებში გარემო შევიწროებისგან, ძალადობისგან თავისუფალი იყოს და მათ საქმიანობა თავისუფლად შეძლონ. ეს კონვენცია განსაკუთრებულ აქცენტს სწორედ ქალებზე აკეთებს. რა თქმა უნდა, შევიწროების და ძალადობის მსხვერპლი შეიძლება, ქალიც და კაციც იყოს, მაგრამ მთელი რიგი სტატისტიკები და კვლევები მოწმობს იმას, რომ ძირითადად მსხვერპლები ქალები არიან.

მაგალითად, 2018 წელს მსოფლიოში ჩატარებული  კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ 18 წელს ზემოთ ქალების 75 %-ს სექსუალური შევიწროება გამოუცდია.   ანალოგიური კვლევა ევროკავშირშიც ჩატარდა, სადაც 55  000 ქალი გამოიკითხა,  ყოველმა  მეორე ქალმა თქვა, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ყოფილა,  32 %-ზე მეტი შრომით  ურთიერთობებთან იყო დაკავშირებული.  ასეთი ტიპის სტატისტიკისგან საქართველოც არაა თავისუფალი. ჩვენ სრულყოფილი სტატისტიკა არ გვაქვს,  მაგრამ მაგალითისთვის, შეგვიძლია,   „გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის“ მიერ   შარშან  ჩატარებული კვლევა მოვიყვანოთ, რომელიც საჯარო უწყებებზე იყო ფოკუსირებული. გამოკითხულებიდან, ქალების  თითქმის მესამედმა, თითქმის 34 %-მა  თქვა,   რომ შრომითი ურთიერთობების ფარგლებში სექსუალური შევიწროების მსხვერპლები ყოფილან. 47 %-მა თქვა, რომ სამსახურში  სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ გაუგიათ.  ეს ნამდვილად ცუდი მაჩვენებელია. სახელმწიფომ  მეტი ნაბიჯი უნდა გადადგას იმისთვის, რომ შრომითი გარემო, სადაც ადამიანები ბევრი ბარიერის შედეგად საქმდებიან,  თანასწორი,  ძალადობისგან და შევიწროებისგან თავისუფალი იყოს.

კონვენცია აქცენტს ასევე ზოგადად სერვისების ხარისხზე აკეთებს. ის, რომ გარემო თანასწორი და ძალადობისგან თავისუფალი არაა,  პირდაპირპროპორციულად მოქმედებს იმ სერვისზე, რომელსაც ვიღებთ.

ამ კონვენციის რატიფიცირება  სხვა უკვე არსებულ მექანიზმებთან ერთად გაუმჯობესებულ სტანდარტს,  შრომით ურთიერთობებში ძალადობის და შევიწროების  წინააღმდეგ  ბრძოლის უკეთეს  მექანიზმებს მოგვცემს.

კონვენციას უკვე 22 სახელმწიფოა მიერთებული.  საქართველოც თუ  მათ რიგებში იქნება, რა თქმა უნდა,  ეს ქვეყანას დადებითად დაახასიათებს. მით უმეტეს, ევროკომისიის  12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი ქალთა მიმართ ძალადობას  უკავშირდება“, – განაცხადა რაისა ლიპარტელიანმა.

მისივე თქმით, საქართველოში შრომით ბაზარზე გენდერული კუთხით უთანასწორობაა.

„თუ შრომით ბაზარს შევხედავთ და იმ უთანასწორობებზე ვისაუბრებთ, რომელიც გენდერული ჭრილში არსებობს, ვნახავთ, რომ ის რიცხვები და ოფიციალური სტატისტიკა, რაც გვაქვს, საგანგაშოა. ვხედავთ, რომ საქართველოში ქალების 58 % შრომით ბაზარში საერთოდ არაა ჩართული, შესაბამისად, მათი ეკონომიკური აქტიურობა კაცებისაზე 22 %-ით ნაკლებია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ დასაქმების ადგილებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა არ აქვთ. ძალიან ხშირად ბევრ ქვეყანაში შეიძლება, ქალების დასაქმების დაბალი მაჩვენებელი მათი არასათანადო განათლებით იყოს განპირობებული. სამწუხაროდ, ვიცით რომ ბევრ სახელმწიფოში დღესაც, 21-ე საუკუნეში განათლებაზე ქალების ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. მაგრამ ეს საქართველოს შემთხვევა არაა. ანუ საქართველოში ქალების შრომით ბაზარზე დაბალი ჩართულობა ამით არ აიხსნება. თავად საქსტატის კვლევის მიხედვით, ქალებს საქართველოში უკეთესი განათლება აქვთ, ვიდრე – კაცებს. ეს როგორც უმაღლეს, ისე პროფესიულ განათლებას ეხება. პრობლემები დაკავშირებულია სწორედ იმ ოჯახურ ვალდებულებებთან, რომელიც ქალებს აქვთ. ვიცით, რომ დღემდე ხშირია, როდესაც დასაქმებისას ქალებს მათი ოჯახური ვალდებულების, დაოჯახების გეგმების, ფეხმძიმობის შესახებ ეკითხებიან. სასამართლოში არაერთი საქმე გვაქვს, როდესაც ფეხმძიმობა ზოგჯერ დასაქმების დამაბრკოლებელი გარემოება, ან შემდგომში გათავისუფლების საფუძველიც კი აღმოჩნდა“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.

მისივე თქმით, ქალისა და კაცის ხელფასებს შორის მაღალი სახელფასო სხვაობაა.

„მაშინაც კი, როდესაც ქალები დასაქმებას ახერხებენ, ვიცით, რომ ქვეყანაში ქალისა და კაცის ხელფასებს შორის ძალიან მაღალი სახელფასო სხვაობა გვაქვს. ეს 32 %-ია, რაც მაღალი მაჩვენებელია თუ ევროკავშირის მაჩვენებელს შევხედავთ, სადაც სახელფასო სხვაობა 16 %-ს არ აღემატება. სტატისტიკა და საქართველოს რეალობა მოწმობს, რომ ყველა კრიზისულ სიტუაციაში პირველები, ვინც სამსახურს და შემოსავალს კარგავენ, ქალები არიან. გამონაკლისი არც კოვიდპანდემიაც იყო. ვნახეთ, რომ პირველსავე კვარტალში, პანდემიის პირობებში, როდესაც მონაცემები გამოქვეყნდა, ვინც სამსახური და შემოსავალი დაკარგა, მათი 99 % ქალი იყო. საბოლოოდ, კოვიდის შედეგად, ქვეყანაში 52 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა, მათ შორის 67 % სწორედ ქალებზე მოდის. ამის მიზეზი ბევრია. გარდა კანონმდებლობის ხარვეზებისა და მისი აღსრულებისა, ამის მიზეზი ასევე ქალის და კაცის როლების სტერეოტიპული, ტრადიციული გადანაწილებაა, რომლის შედეგადაც ოჯახური ვალდებულებები, ბავშვების მოვლა, ძირითადად, ქალების ტვირთია. ამის მიზეზი ასევე დეკრეტული შვებულების ცუდი პოლიტიკაა, რომლის მიხედვითაც, ფაქტობრივად, ადამიანებს მთელი 6 თვის მანძილზე სახელმწიფოს მხრიდან მიზერული დახმარება ეძლევათ, ჯამურად, ის 1000 ლარს არ აღემატება. სახელფასო სხვაობის მიზეზი ასევე არის ის, რომ ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალების დაბალი წარმომადგენლობაა. ვხედავთ, რომ საქართველოში ხელმძღვანელ პოზიციებზე წარმოდგენილი ადამიანების 78 % კაცია, დანარჩენი, მცირე ხვედრითი წილი ქალებზე მოდის. რა არის მნიშვნელოვანი: მაშინაც კი, როდესაც ქალები ხელმძღვანელ პოზიციებს აღწევენ, თუ სახელფასო ჭრილში შევხედავთ განსხვავებას, მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული ქალებისა და კაცების ხელფასებს შორის 26 %-იანი სხვაობაა, რაც მაღალი მაჩვენებელია. ეს ყველაფერი იმას გვაფიქრებინებს, რომ შრომის კანონმდებლობაში არაერთი პოზიტიური ნაბიჯისა, სახელმწიფოს მხრიდან კიდევ მეტი ძალისხმევაა საჭირო“, – განაცხადა რაისა ლიპარტელიანმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები