თენგიზ ფხალაძე: კონკრეტული გარემოებების გამო გაიხსნა შესაძლებლობების ფანჯარა და უნიკალური შანსი მიეცათ საქართველოსა და იმ ჯგუფს, რომელიც ქვეყნის სათავეშია, შეასრულოს უდიდესი მისია ქვეყნის ევროპულ გზაზე წარმატებისთვის
“ევროკავშირში გაწევრების გაიოლებული პროცედურა არ არსებობს. საქმე ისაა, რომ ეს პროცესი ნიშნავს თანაზიარ ვალდებულებებს, ანუ პროცესის მონაწილე მხარეებს თავიანთი ვალდებულებები აქვთ და იმისთვის, რომ შედეგი მივიღოთ, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს”, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხთა სპეციალისტი, თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, კონკრეტული გარემოებების გამო გაიხსნა შესაძლებლობების ფანჯარა და უნიკალური შანსი მიეცათ საქართველოსა და იმ ჯგუფს, რომელიც ქვეყნის სათავეშია, შეასრულოს უდიდესი მისია ქვეყნის ევროპულ გზაზე წარმატებისთვის.
“ამ რეზოლუციას კი უნდა შევხედოთ როგორც ევროკავშირის ურყევ სურვილსა და ნებას, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი! სწორედ ეს ჩანს ამ დოკუმენტში. მიუხედავად ქვეყანაში არსებული პრობლემებისა, ევროკავშირს სურს მიიღოს საქართველო, მაგრამ ამისთვის საქართველომაც ბევრი რამ უნდა გააკეთოს. ევროპარლამენტმა ამ რეზოლუციით კიდევ ერთხელ თქვა ისიც, რომ მზად არის დაეხმაროს საქართველოს ამ გზაზე. ის არ არის იმ პოზიციაზე, რომ მხოლოდ რაღაცას ითხოვდეს ჩვენგან, არამედ მზად არის ამ პროცესში დაგვეხმაროს და გაგვიზიაროს გამოცდილება. გზავნილი არის სწორედ ეს, ასევე პასუხიც იმ სპეკულაციებსა და სრულიად უსაფუძვლო რიტორიკაზე, რომელზეც დგას ანტიდასავლური პროპაგანდა, რომ თურმე ევროკავშირმა საქართველო მოატყუა, რომ ჩვენზე უარს ამბობს, თურმე რაღაც გვეკუთვნოდა და არ მოგვცეს და ასე შემდეგ. ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ ძალიან გარკვევით თქვა, რომ ევროკავშირი უნდა იყოს საქართველოსთან, ამისთვის კი მზად არის დაგვეხმაროს რეფორმების გატარებაში გამოცდილებითა და ინვესტიციებითაც კი, მაგრამ საქართველომაც უნდა შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები. ჩვენ რამდენიც უნდა ვიძახოთ, რეკომენდაციები შესრულებულიაო, ის შედეგი, რომელსაც ველით, თუ არ დადგა, ეს მხოლოდ თავის მოტყუება იქნება. შეასრულებს თუ არა ამ რეკომენდაციებს ხელისუფლება, ამის შეფასება რამდენიმე თვეში დაიწყება და მალევე დასრულდება კიდეც. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ შეფასება იყოს ისეთი, როგორიც შეესაბამება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და გაუხსნის საქართველოს გზას კანდიდატის სტატუსისკენ. ამისთვის უნდა გაკეთდეს ყველაფერი – იქნება ეს შიდა სამუშაო, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო ვიზიტები და ასე შემდეგ.
ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. კონკრეტული გარემოებების გამო გაიხსნა შესაძლებლობების ფანჯარა და უნიკალური შანსი მიეცათ საქართველოსა და იმ ჯგუფს, რომელიც ქვეყნის სათავეშია, შეასრულოს უდიდესი მისია ქვეყნის ევროპულ გზაზე წარმატებისთვის. შესაძლოა უამრავი რამ გაეკეთებინა სხვა ხელისუფლებას ამისთვის, მაგრამ გარემო პირობები არ შექმნილიყო ისეთი, რაც ასეთ შესაძლებლობებს მისცემდა ქვეყანას. ასე რომ, დღეს არის ისტორიული შანსი, რომლის გამოუყენებლობა ღალატის ტოლფასი იქნება. ჩვენ რომ ყველაფერი გაგვეკეთებინა თავის დროზე ისე, როგორც საჭირო იყო, კანდიდატის სტატუსს ზაფხულში მივიღებდით. დასანანია, ბევრი რამ არ გაკეთდა და უამრავი შეცდომა დავუშვით, ამიტომაც მივიღეთ ასეთი შედეგი.
ყველაზე დრამატული იყო ხელისუფლების თავის მართლების რიტორიკა, როდესაც ისე ცდილობდა საქმის წარმოჩენას, თითქოს ყველაფერში მართალია, ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ევროპელებმა ვერ დაინახეს. სინამდვილეში სულ სხვა ვითარება იყო – ხელისუფლება შეცდომას შეცდომაზე უშვებდა და მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, გამოსასწორებლად არაფერი გაუკეთებია. ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა უნდა გაისიგრძეგანონ დაკისრებული პასუხისმგებლობა, კრიტიკულად შეაფასონ განვლილი პერიოდი და ყველაფერი გააკეთონ რეკომენდაციების შესასრულებლად. ეს ხომ ახალი ამბავი არ არის, პირველად ხომ არ გავიგეთ, რომ პრობლემებია, მაგალითად, მართლმსაჯულებაში? ხელისუფლებამ სწორედ ეს პრობლემები უნდა გამოკვეთოს და რეალურად სცადოს მათი გამოსწორება, თან რაც შეიძლება სწრაფად. უნდა გავითავისოთ, რომ ამას ვაკეთებთ არა ევროკავშირისთვის, არამედ იმისთვის, რომ გვქონდეს უკეთესი ქვეყანა, რომ ამას ვაკეთებთ ჩვენთვის.
ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას მე ვერ შევაფასებ და ვერც იმ სამართლებრივ გარჩევაში ჩავერთვები, უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა სააკაშვილი თუ არა. ერთი რამ შემიძლია ვთქვა – მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად მასთან არსებული უამრავი პრეტენზიისა, ორჯერ იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი და ის, რასაც ვუყურებთ, არანაირად არ ამშვენებს საქართველოს. მეტიც, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს საქართველოში მართლმსაჯულების, შერჩევითი სამართლისა და ბევრი სხვა საკითხის შესახებ“მოკლედ, ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც საქართველომ ღირსეულად უნდა უპასუხოს. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს არა აქვს უფლება აღძრას საქმე ყოფილ პრეზიდენტზე თუ სხვა თანამდებობის პირზე, მაგრამ ყველაფერს სჭირდება სწორად გაკეთება. საფრანგეთში ექსპრეზიდენტ სარკოზის საქმეზეც იყო სასამართლო პროცესი, მაგრამ არ ყოფილა ასეთი დრამატული, როგორიც სააკაშვილის. კიდევ ვამბობ – არავინ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ ყველა საქმის წარმოება შეიძლება ისე, რომ ქვეყნის ავტორიტეტი და ღირსება არ შეილახოს. არ შეიძლება საქართველო ამდენი წლის მერეც წარმოადგენდეს სახელმწიფოს, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტის შესახებ ვერაფერი ისწავლა.
ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს დაწყებული პირველი პრეზიდენტის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალების მოწყობით, მისი გაგდებითა და ტრაგიკული აღსასრულით, მეორე პრეზიდენტის, ფაქტობრივად, შინაპატიმრობით და ახლა მესამე პრეზიდენტის ამგვარი პატიმრობით დამთავრებული. მე-4 პრეზიდენტთან დაკავშირებულ ბატალიებზე აღარ ვილაპარაკებთ, აგერ მოქმედი პრეზიდენტის მიმართაც არანაკლებ არასწორ დამოკიდებულებას ვხედავთ – ხელისუფლების სხვადასხვა შტო ხშირად ძალიან ბევრის უფლებას აძლევს თავს და თითქმის შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ. ეს არ წარმოაჩენს საქართველოს როგორც ინსტიტუციების გაძლიერებისა და დემოკრატიის გზაზე მყოფ ქვეყანას. ვიმეორებ, კანონზე მაღლა არავინ დგას, მაგრამ პროცესი უნდა იყოს ისეთი, რომელიც არ წარმოშობს დამატებით კითხვებს და არ დააზარალებს ქვეყანას. ის, რაც დღეს სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, აბსოლუტური ანომალიაა, რაც სერიოზული პრობლემაა საქართველოსთვის”, – აცხადებს რესპონდენტი.
კითხვაზე: “ევროპარლამენტმა რუსეთი “ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ” გამოაცხადა…” – ფხალაძე პასუხობს, რომ აღნიშნული ქვეყნისთვის უმძიმესი ვერდიქტია.
“ტერორიზმის სპონსორად გამოცხადება უმძიმესი ვერდიქტი ქვეყნისთვის. ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ძალიან ბევრი რამ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ რუსეთისთვის საერთაშორისო არენაზე. რატომ არ მიიღეს ეს გადაწყვეტილება აქამდე? იმიტომ, რომ რუსეთს აძლევდნენ შესაძლებლობას გონზე მოსულიყო, რაც არ მოხდა. ეს ძალიან მძიმე იქნება რუსეთისთვის და გამოიწვევს როგორც პოლიტიკურ, ისე სხვა ტიპის პასუხისმგებლობებს. ძნელად წარმოსადგენია, ტერორიზმის სპონსორად აღიარებული ქვეყანა როგორი უნდა იყოს, მაგალითად, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ან ჰქონდეს ის სტატუსი, რაც რუსეთს აქვს ეუთოში. მხოლოდ ევროპარლამენტისა და ნატოს რეზოლუციები არ კმარა, რუსეთისთვის საბოლოოდ ვერდიქტის გამოსატანად სხვა ქვეყნებმაც უნდა მიიღონ მსგავსი დოკუმენტები და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, თუკი ჩვენ ვლაპარაკობთ რუსეთზე როგორც ტერორიზმის სპონსორზე, საქართველო თუ არა პირველი, ერთ-ერთი პირველი მაინც არის, ვინც ამის მსხვერპლი გახდა. რუსეთის რეჟიმი კვლავაც აწყობს ტერორისტულ აქტებს საქართველოში, უკანონო მოქმედებებს. ის, რაც ხდება უკრაინაში და სხვაგან, ერთი ჯაჭვია, ამიტომ არანაირი ლოგიკური არგუმენტი იმისა, რომ ჩვენ არ შევუერთდეთ, არ არსებობს. იმაზე, რის დამტკიცებასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვცდილობდით, როგორც იქნა, დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო ლაპარაკობს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველომ თავი უნდა შეიკავოს, რათა რუსეთი არ გაღიზიანდეს, ეს აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია. საქმე ისაა, რომ რუსეთს ძალიან აღიზიანებს დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა, და იმისთვის, რომ არ გაღიზიანდეს, მაშინ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე. რუსეთს რაც მეტს დავუთმობთ, მით მეტს მოითხოვს”, – აცხადებს ფხალაძე.