საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ რამდენიმე შეთანხმებაზე იმსჯელა და მათ პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, „2017 წლის 17 იანვრის „საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის სასესხო ხელშეკრულების „ბათუმი-ახალციხის გზის პროექტი (ხულო-გოდერძის მონაკვეთი)” ცვლილების შეთანხმება” სხდომაზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა წარადგინა.
„არსებული ხელშეკრულების მიხედვით, არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი საქართველოს სესხის სახით 8 მლნ. ქუვეითურ დინარს გამოუყოფს. აღნიშნული თანხით ბათუმი-ახალციხის 29კმ-იანი ორზოლიანი გზის რეაბილიტაცია, ამ მონაკვეთზე 4 ხიდის რეკონსტრუქცია და ასევე, ამავე მონაკვეთზე წყალგამტარი მილებისა და სადრენაჟო სისტემების მოწყობა ფინანსდება.
წარმოდგენილი ხელშეკრულების ცვლილება ითვალისწინებს პროექტის ფარგლებში წარმოშობილი დანაზოგის – დაახლოებით, 7,4 მლნ. აშშ დოლარის გაუქმებას, სესხის თანხის გამოთხოვის ბოლო ვადის გადაწევას 2025 წლის 31 დეკემბრამდე და პროექტის აღწერაში მითითებული 29 კმ-ის ნაცვლად 24 კმ-იანი მონაკვეთის განსაზღვრას. აღსანიშნავია, რომ 5 კმ-იანი მონაკვეთი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
კომიტეტმა „2017 წლის 14 ივნისის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია ბ)“ N1 წერილ-შეთანხმება განიხილა. მომხსენებლის, მზია გიორგობიანის განმარტებით, აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებულია საქართველოსთვის სესხის სახით 250 მლნ. ევროს გამოყოფა. აღნიშნული ფინანსური რესურსით ხორციელდება ძირთადი და მეორადი საავტომობილო გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის, უბისა-შორაპანის მონაკვეთი და გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მიმართულებებით.
წარმოდგენილი ცვლილება თანხის ჩამორიცხვის ბოლო ვადის გადაწევას 2024 წლის 23 ოქტომბრამდე და ხელშეკრულებაში გარკვეული განმარტებების განახლება-დამატებას ითვალისწინებს.
კომიტეტის წევრებმა „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის“ საკრედიტო შეთანხმებაც განიხილეს.
როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განმარტა, 2018 წლის 14 მაისს საქართველოს მთავრობას, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკსა (KfW) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის ხელი მოეწერა განზრახულობათა დეკლარაციას „გერმანიის და საფრანგეთის ფინანსური თანამშრომლობა საქართველოსთან“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერას. 2021 წელს საქართველოსა და დონორებს შორის ასევე გაფორმდა დეკლარაცია, რომელიც მიზნად ისახავს პროგრამის ორი წლით გაგრძელებას. „ამჟამად წარმოდგენილი საკრედიტო შეთანხმება გაფორმებულია ახალი დეკლარაციის ფარგლებში, რომლის საფუძველზეც საფრანგეთის განვითარების სააგენტო საქართველოს გამოუყოფს 60 მლნ. ევროს და ეს თანხა მიემართება ენერგეტიკის სექტორში რეფორმების პრაქტიკაში დანერგვას“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. მისი თქმით, სესხის ხანგრძლივობაა 20 წელი, მათ შორის 5 წელი შეღავათიანია, ხოლო საპროცენტო განაკვეთი იქნება ფიქსირებული ან ცვლადი, რომელიც თანხის ჩამორიცხვის დროს გადაწყდება.
ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარინე ხურციძემ სხდომაზე „ევროკავშირსა და საქართველოს შორის საგადასახადო სფეროში თანამშრომლობის მიზნით, ევროკავშირის „საგადასახადო პროგრამაში” საქართველოს მონაწილეობის შესახებ” და ასევე, საბაჟო სფეროში თანამშრომლობის მიზნით, ევროკავშირის „საბაჟო პროგრამაში” საქართველოს მონაწილეობის შესახებ” შეთანხმებები წარადგინა.
მომხსენებლის ინფორმაციით, ევროკავშირის პროგრამებში მონაწილეობა და შესაბამისი შეთანხმებების გაფორმება განპირობებულია საქართველოსა და ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ჰარმონიზაციის პროცესით.
„შეთანხმებებით დაგეგმილია და განსაზღვრულია კონკრეტული აქტივობები, რომელშიც ევროკავშირი საქართველოს დაეხმარება და ეს კონკრეტული აქტივობები გულისხმობს საინფორმაციო ტექნოლოგიების გაუმჯობესებას, ახლის დანერგვას ასევე, საგადასახადო უწყებების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებას. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ადამიანური რესურსების განვითარებას“, – განაცხადა მომხსენებელმა. მისი თქმით, შეთანხმებები 2022 წლის პირველი იანვრიდან დროებითი გამოყენების რეჟიმით მოქმედებს. „საქართველომ უკვე გადაიხადა შეთანხმებით გათვალისწინებულ პროგრამებში მონაწილეობის ფინანსური შენატანი თუმცა, შეთანხმებები ძალაში შევა რატიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ“, – განაცხადა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
შეთანხმების თანახმად, საბაჟო პროგრამაში ჩართულობა ხელს შეუწყობს საერთაშორისო ვაჭრობის პროცედურების გამარტივებას და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეფექტური სერვისების შემუშავებას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.