ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „ევროკავშირსა და საქართველოს შორის საგადასახადო სფეროში თანამშრომლობის მიზნით, ევროკავშირის „საგადასახადო პროგრამაში” საქართველოს მონაწილეობის შესახებ” შეთანხმება განიხილა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის მამუკა ბარათაშვილის თქმით, აღნიშნულ პროგრამაში საქართველოს ჩართულობა, ერთი მხრივ, ქართულ მხარეს საშუალებას მისცემს შეასრულოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, მოახდინოს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება – ევროკავშირის საინფორმაციო სისტემების ახალი კომპონენტების შექმნა, არსებული სისტემის განვითარება, ექსპლუატაცია და ხარისხის კონტროლი. ასევე, საგადასახადო უწყებების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება, ადამიანური რესურსების განვითარება. როგორც მამუკა ბარათაშვილმა აღნიშნა, შეთანხმება ასევე, გაფორმდა „ევროკავშირსა და საქართველოს შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობის მიზნით, ევროკავშირის „საბაჟო პროგრამაში” საქართველოს მონაწილეობის შესახებ”, რომლის თანახმად ასევე, შესრულდება ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და ამასთან, საქართველო მიიღებს ისეთ შესაძლებლობებს, როგორებიცაა: საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება, ახალი სისტემების შექმნა, ხარისხის გაძლიერება და კონტროლი, საბაჟო უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, სავაჭრო პროცედურების გამარტივება, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებასა და განვითარებას. კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირეს.
„ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმართულებით, საქართველოს მონაწილეობა ორივე პროგრამაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ადამიანური რესურსების განვითარების თვალსაზრისით, ტექნოლოგიური და საინფორმაციო სფეროში ახალი სისტემის დანერგვით, ჩვენი საგადასახადო-საბაჟო სისტემების ევროკავშირის შესაბამის სისტემებთან თავსებადობის გაზრდის კუთხით რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და ეკონომიკის გაჯანსაღებას”, – განაცხადა სხდომის თავმჯდომარემ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო იობაშვილმა.