მათე ტაკიძე: ნონსენსია, მაგრამ რეალობაა, რომ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილია, კადრების მიწოდება კი ნაკლებია, არ არის სექტორი, სადაც კადრების დეფიციტი არაა
პროფესიულ კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორის, მათე ტაკიძის განცხადებით, დღეს საქართველოს შრომით ბაზარზე სხვადასხვა მიმართულებით ბევრი ვაკანსიაა, თუმცა კადრების დეფიციტია.
შრომით ბაზარზე არსებული მდგომარეობისა და პრობლემების შესახებ ტაკიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე ვსაუბრობთ, იმაზე, თუ რა ხდება პროფესოული განათლების მიმართულებით. აქ რამდენიმე საინტერესო საკითხია. მათ შორის საინტერესოა ის, რომ როგორც ბიზნესი აცხადებს და ეს კვლევებმაც დაადგინა, ბევრი ადამიანი სამსახურიდან მიდის და მათი როტაცია სხვადასხვა ქვეყანაში ხდება. შემიძლია, ამის მიზეზებზე ვისაუბრო. მიუხედავად იმისა, რომ დღეს კომპანიები საქართველოში მოთხოვნას ზრდიან და ბევრი ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი, ბევრი ვაკანსიაა, კომპანიებს კადრების დეფიციტი აქვთ. მათი თანამშრომლები არსებულ კომპანიებს ტოვებენ და სამუშაოდ უცხოეთში , სხვადასხვა ქვეყანაში მიდიან. ამის ძირითადი მიზეზი, ალბათ, ანაზღაურებაა, რომელიც რეალურად უფრო მაღალია ევროკავშირის იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი მოქალაქეები, დასაქმებულები მიდიან. ვფიქრობ, ბიზნესთან ერთად უნდა მოვახერხოთ ის, რომ გარკვეულად სახელფასო ანაზღაურება გაიზარდოს. დამერწმუნეთ, ხშირ შემთხვევაში მოხდება ის, რომ ჩვენ საუკეთესო სპეციალისტებს შევინარჩუნებთ. თუმცა, იმასაც გეტყვით, რომ სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ისეც ხდება რომ ადამიანების, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში სამუშაოდ მიდიან, ანაზღაურება გაცილებით დაბალია, ვიდრე საქართველოში. ორი მიმართულებაა სადაც უფრო მაღალი და კარგი ანაზღაურებაა და მეორე, ის რეალობა, რომელიც მათ ელოდებათ , როცა ჰპირდებიან, რომ უკეთესი სამუშაო პირობები ექნებათ და სამწუხაროდ, ეს ასე ვერ არის. ვფიქრობ, რომ აქ ძალიან ბევრი მიმართულებითაა სამუშაო .
პროფესიული განათლების ყველაზე მთავარი პრინციპი რა გახლავთ: ის, თუ რას ვაკეთებთ ამ დროს ბიზნესთან ერთად. ბოლო კვლევებმა აჩვენა ,რომ სამშენებლო ინჟინერიაში ძალიან დიდი მოთხოვნაა. რაც არ უნდა ნონსენსი იყოს, ასეთი რეალობაა, რომ ბაზარზე დიდი მოთხოვნაა და მიწოდება იმ რაოდენობით ვერ ხდება, რაც უნდა იყოს. ამის გამო დეფიციტია. ეს ძალიან ბევრ მიმართულებაშია. არ მინდა სფეროები გამომრჩეს. ეს მიმართულებებია სოფლის მეურნეობა , IT სფერო , სამედიცინო კუთხით ექთნების, მედდების დეფიციტი, სამშენებლო ინჟინერია, სადაც ძალიან დიდი მოთხოვნაა . სამშენებლო ინჟინერია ქვეყანაში ერთ–ერთი ყველაზე დასაქმებადი სექტორია, შესაბამისად, ამ სექტორს ბევრი პროფესიონალი კადრი სჭირდება. ბოლო პერიოდში ბიზნესის ჩართულობა ძალიან მაღალია. რამდენიმე კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან. თუ წლების წინ ბიზნესთან ურთიერთობაში ბევრი მუშაობა გვჭირდებოდა იმისთვის, რომ ბიზნესი პროფესიული განათლებისკენ წამოგვეყვანა, დღეს სხვანაირად ხდება. ბიზნესი პროფესიული განათლების დამკვეთი, დამფინასებელი თავად ხდება. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ საქართველოში შეიქმნა „ეროვნული პროფესიული უნარების სააგენტო“, რომლის თანადამფუძნებლები არიან როგორც სახელმწიფო, ისე „საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატა“, 6 მსხვილი ბიზნესორგანიზაცია. სამეთვალყურეო საბჭო შედგება სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებისგან, ასევე 6 უმსხვილესი ბიზნესის წარმომადგენლებისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესმა ზუსტად იცის, რა სჭირდება.
პროფესიული განათლების სტანდარტების შექმნასა და რეალიზებაში, განვითარებაში ბიზნესის ჩართულობა, თანადგომა , დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.
არ არის პროფესია, სექტორი, სადაც დეფიციტი არ არსებობს. ნონსენსია, მაგრამ რეალობაა ის, რომ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი, ვაკანსიაა, მაგრამ კადრების მიწოდება ნაკლებია. ამის ახსნაც არსებობს. მთელი პროფესიული განათლების სისტემის წლიური გამტარუნარიანობა დაახლოებით 15 000 ადგილია. ეს, ბუნებრივია, საკმარისი არაა იმისთვის, რომ მთლიანი ბაზარი დავაკმაყოფილოთ. ბაზარზე 75 კოლეჯი ოპერირებს, რომელთაც უფლება აქვთ, სასწავლო პროცესები განახორციელონ“- განაცხადა ტაკიძემ.
მისივე თქმით, შრომით ბაზარს გაცილებით მეტი კვალიფიციური კადრი სჭირდება.
„როგორც მოგახსენეთ, 75 კოლეჯის წლიური გამტარუნარიანობა, 15 000 ადგილია, თუმცა ჩვენს შრომით ბაზარს გაცილებით მეტი ადამიანი, კვალიფიციური კადრი სჭირდება. ამაზე მუშაობა მიდის. ქვეყნის მასშტაბით, ბევრ ქალაქში ახალი კოლეჯების მშენებლობა, სპეციფიური მიმართულებების განვითარება ხდება. კვლევების შედეგად ზუსტად გვიდევს თუ რომელ რეგიონს სად აქვს პრობლემა, სად შეიძლება დავეხმაროთ, როგორ შეიძლება, ამა თუ იმ რეგიონში კონკრეტული მიმართულებები განვავითაროთ. ეს ეხება სოფლის მეურნეობას, აგრარულ სფეროს, სამშნებლო ინდუსტრიას, ავტოინჟინერიას, IT სფეროს.
მინდა ერთ-ერი კვლევის შედეგი გითხრათ: საქართველოშის იმ სამუშაო ადგილების, რომელიც თავისუფალია და სამომავლოდ უნდა დავაკმაყოფილოთ, დაახლოებით 80 % მხოლოდ პროფესიული უნარების კვალიფიკაციას მოითხოვს და არა აკადემიურ განათლებას. ეს საკამოდ მაღალი მაჩვენებელია“- განაცხადა მათე ტაკიძემ.
მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში პროფესიული განათლების მიმართულებით ბევრი კარგი რეფორმა გატარდა.
როგორც ტაკიძემ აღნიშნა, ქვეყანაში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა ძალიან მაღალია.
„რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას: მცირე ხნის უკან რეგისტრაცია და შიდა ტესტირებები დამთავრდა. ერთიანი ეროვნული საგამოცდო ცენტრის მიერ პროფესიულ დონეზე მისაღები გამოცდების ჩაბარება დასრულდა. მინდა გითხრათ, რომ მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო და ეს მახარებს. პროფესიული უნარების მიმართულებებზე საკმაოდ ბევრი სტუდენტი ჩაირიცხა. ჩვენ მომავალ მიღებებს, მიმართლებებს დიდი იმედით შევყურებთ. ამით ბიზნესს კიდევ უფრო განვითარების, ამ სექტორში ჩართულობის საშუალებას მივცემთ. თუ კიდევ უფრო მეტი პროფესიონალი არ გვეყოლება , ბაზარზე კადრების პრობლემა და დეფიციტი მუდმივად იქნება, რაც იმას გამოიწვევს, რომ ბიზნესი ვერ განვითარდება.
ბოლო წლების განმავლობაში ბევრი კარგი რეფორმა გატარდა. მათ შორის ინტეგრირებული სწავლების პროცესია, როდესაც მე-9 კლასის ზოგადკურსდამთავრებულს შეუძლია, პროფესიულ კოლეჯში მოვიდეს, პროფესიაში რომელიმე მიმართულებას დაეუფლოს, გარდა ამისა, საშუალო განათლების ატესტატი მიიღოს. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩიხი იყო და ახლა ამოვსებულია. ასევე შემუშავბეული იქნა მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების სახელმწიფო სასერტიფიკატო კურსები, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ბიზნესთან ერთად შრომის ბაზრისთვის ბევრი ადამიანი მოვამზადოთ.
პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა ძალიან მაღალია. ამ შემთხვევაში ყველაზე მსხვილი დონორი სახელმწიფოა. სახელმწიფო ყველა იმ პროფესიული მიმართულების მსურველს აფინანსებს, რომელსაც უნდა , განათლება პროფესიული სისტემაში მიიღოს. ჩვენ ბევრი პროგრამა გვაქვს, რომლითაც ნებისმიერი გემოვნების და ასაკის მქონე მოქალაქეს შეუძლია, თავის ცხოვრება შეცვალოს, გაიუმჯობესოს, წარმატებული კარიერული წინსვლა ჰქონდეს.
კიდევ ერთხელ მინდა,საზოგადოებას ვუთხრა, რომ ნებისმიერ თქვენგანს, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, საშუალება აქვს, ყოველგვარი გადასახადის გარეშე განათლება მიიღოს, ამა თუ იმ პროფესიას დაეუფლოს. ყველა პროგრამის უკან დღეს ბიზნესი დგას. არცერი პროგრამის ვალიდაცია არ ხდება, თუ ამაში ბიზნესი არაა ჩართული.
მინდა, ერთი მაგალითი მოვიყვანო: კოლეჯ „სპექტრის“, კომპანია „ევრომასტერის“ და სახელმწიფოს ერთობლივი პროექტის თანახმად უთანამედროვესი საწარმო კეთდება, რომლის სრული ინფრასტრუქტურული აღჭურვილობა და ინვესტირება კომპანია „ევრომასტერის“ მხრიდან ხორციელდება. ჩვენ 30 სტუდენტი მივიღეთ, რომლებიც დუალური სისტემით, ანუ გერმანული სტანდარტით ისწავლიან, ეს გახლავთ წყალმომარაგების სფერო. სტუდენტები, რომლებიც კონკრეტულ პროფესიაზე დუალური მიმართულებით ჩაირიცხნენ, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში კამპანიის მხრიდან სტიპენდიას მიიღებენ, გარდა ამისა, რეგიონებიდან ჩამოსულებს გადასახადის გარეშე საცხოვრისი ექნებათ. ამდენად ვერ ვიტყვით, რომ ბიზნესის ჩართულობა მაღალი არაა, მაღალია, მაგრამ გაცილებით მეტი გვჭირდება. ასევე საზოგადოებამდე ბევრი ინფორმაციის მიტანა გვჭირდება. რასაც ახლა „კვირა“ აკეთებს, ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ეს ასეთი საშუალებას გვაძლევს, უამრავ ადამიანთან სწორი ინფორმაცია მივიტანოთ, საშუალება მივცეთ, პროფესიული განათლება მათთვის წარმატებისკენ მოკლე გზა იყოს. 15-17 დეკემბერს კოსტავაზე, ყოფილი აბრეშუმის ქარხნის საგამოფენო სივრცეში ძალიან მაღალი დონის გამოფენა გვექენბა, სადაც უამრავ ადამიანს მოვიწვევთ, მათ შორის საერთაშორისო დონორებს, ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს, სკოლებიც ჩართულები იქნებიან. გამოფენაზე პროფესიული განათლების მიმართულება იქნება წარმოდგენილი. რამდენიმე მიმართულებაში „ვორქშოფები“ გაიმართება, რათა სტუდენტებსა და მოსწავლეებს ვაჩვენოთ, თუ როგორ შეიძლება პროფესიული განათლებით დაინტერესება, მისგან სარგებლის მიღება.
მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუთხრა: ძალიან ბევრი ვაკანსიაა, ამ ვაკანსიებს პროფესიონალი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრები სჭირდება. გელოდებით პროფესიული განათლების სექტორში , რომ თითოელ თქვენგანს ხვალინდელი დღისთვის წარმატებული კარიერა მივცეთ“- განაცხადა ტაკიძემ.
თამუნა შეყილაძე